გიგა ოთხოზორიას მკვლელობა, გამყოფი ზოლის გადაკვეთის ბრალდებით დაკავებული მოქალაქეები, ცხელი ხაზი და მასთან დაკავშირებული პრობლემები, კობა ოყუჯავას დაკავება - ეს თემები განიხილებოდა გალში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში სამუშაო ჯგუფების 50-ე შეხვედრაზე.
გასული წლის 19 მაისს სოფელ ხურჩაში გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯი-ოღლის გადმოცემა კვლავ ერთ-ერთ მთავარ თემად რჩება.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ გაგიდის მკვიდრი კობა ოყუჯავას დაკავების ფაქტს.
IPRM-ის 50-ე შეხვედრის დაწყებამდე, გალში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო) ინიციატივით და საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით გაიმართა საინფორმაციო სესია, რომელზეც შეხვედრის (IPRM) მონაწილეები კონფლიქტურ რეგიონებში კრიმინალთან ეფექტური ბრძოლის კუთხით არსებულ საერთაშორისო გამოცდილებას გაეცნენ.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა 2017 წლის 28 ნოემბერს გაიმართება.
----
2009 წლის თებერვალში, ჟენევის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდზე მიღწეულ იქნა შეთანხმება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შექმნის შესახებ როგროც აფხაზეთის, ისე სამხრეთ ოსეთის მიმართულებით.
აღნიშნული ფორმატის მთავარი მიზანს წარმოადგენს ადგილზე ყოველდღიური ინციდენტების განხილვა და ოპერატიული რეაგირების უზრუნველყოფა.
IPRM-ს შეხვედრებს თანათავმჯდომარეობენ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი და გაეროს/ეუთოს წარმომადგენლები.
შეხვედრაზე ქართულ მხარეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი წარმოადგენენ.