აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების მიზნით სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა

27 ოქტომბერი 2017

საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით, აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების მიზნით სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდება, რომლის განსახორციელებლად ორ სამთავრობო უწყებას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 27 ოქტომბერს, აფხაზური ენის დღეს გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა.

შეთანხმების თანახმად, მხარეები, ერთიანი ძალისხმევით იზრუნებენ აფხაზური ენის დაცვის, შენარჩუნების, განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის. ხელს შეუწყობენ შესაბამის საკითხებზე მომუშავე ქართველი და აფხაზი სპეციალისტებისა და პროფესიული ჯგუფების თანამშრომლობასა და ორმხრივი ნდობის პროექტების განხორციელებას.
მინისტრებმა თავიანთ გამოსვლებში ხაზი გაუსვეს სახელმწიფოს მხრიდან აფხაზურ ენაზე ზრუნვის კონსტიტუციურ ვალდებულებასა და პროექტის სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას.

„დღეს, 27 ოქტომბერს, აფხაზური ენის დღეს აღვნიშნავთ. გილოცავთ, პირველ რიგში კი, ვულოცავ აფხაზურ საზოგადოებას. როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, აფხაზური ენის დაცვის და განვითარების სახელმწიფოებრივი პოლიტიკა თვისობრივად ახალ საფეხურზე გადადის. აფხაზური ენის დაცვა და ხელშეწყობა მნიშვნელოვანი საქმეა ჩვენი მომავალი თაობებისათვის. ამ ამოცანის ირგვლივ თანამშრომლობა, ისევე როგორც ურთიერთპატივისცემა, საერთო ღირებულებები, კულტურული სიახლოვე, საერთო წარსული და უკეთესი მომავლის სურვილი ჩვენი შვილებისათვის არის ის, რაც ქართველებსა და აფხაზებს აუცილებლად ისევ გვაპოვნინებს ერთმანეთისკენ მიმავალ გზას - შერიგების გზას“, -განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა.

პროექტის ფარგლებში, სასწავლო და სამეცნიერო დაწესებულებებს, მკვლევარებს, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ წარადგინონ აფხაზური ენის შესწავლას, დაცვასა და განვითარებასთან დაკავშირებული ინიციატივები.

მემორანდუმის ხელმოწერის ღონისძიება განათლების და მეცნიერების სამინისტროში გაიმართა და მას ესწრებოდნენ აფხაზური ენის კვლევით დაინტერესებული სასწავლო და სამეცნიერო დაწესებულებების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურის წარმომადგენლები.