ქეთევან ციხელაშვილი: „აღარასოდეს უნდა დავუშვათ სისხლისღვრა, რომელმაც ჩვენი რჩეული შვილების სიცოცხლე შეიწირა“

2 ნოემბერი 2017

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი აფხაზეთის ომში დაღუპული ბადრი გზირიშვილისა და მისი შვილის, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ვახტანგ გზირიშვილის გადმოსვენებას მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრო.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებში დაღუპული მამა-შვილი რუსთავის სასაფლაოდან წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიის ეზოში გადმოასვენეს, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით და ვახტანგ გზირიშვილისა და მისი თანამებრძოლების სახელობის ფონდის თაოსნობით აშენდა.

“დღეს პატივს მივაგებთ გმირების ხსოვნას. გმირების კვალდაკვალ გმირები იზრდებიან. მამა-შვილი გზირიშვილების გზა მართლაც სამაგალითოა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ის მიზანი, რომლისთვისაც მათ ყველაზე ძვირფასი, საკუთარი სიცოცხლე გასწირეს - ჩვენი ქვეყნის ერთიანობა, დამოუკიდებლობა და თავისუფლება, მიღწეულ იქნას მშვიდობიანი გზით, რათა აღარასოდეს დავუშვათ სისხლისღვრა, რომელმაც ასეთი რჩეული შვილების სიცოცხლე შეიწირა,“ - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

დაკრძალვამდე ეკლესიაში სამოქალაქო პანაშვიდი ჩატარდა. შემდეგ კი, მათი ნეშტი ეკლესიის ეზოში მიწას სამხედრო პატივით მიაბარეს.

ბადრი გზირიშვილი აფხაზეთის ომში 1992 წლის დეკემბერში დაიღუპა. აფხაზურმა მხარემ რუსეთის სამხედრო ხომალდის დახმარებით საზღვაო დესანტი ტამიშთან გადასვა, ცაფირა-ტამიშის მონაკვეთი დაიკავა და პლაცდარმის გაფართოება დაიწყო. გამთენიისას ტამიშში, ლაბრასა და ზემო კინდღში განლაგებულმა ქართული ჯარის ნაწილებმა მორიგი სადესანტო დარტყმა მიიღეს, პოზიციაზე მყოფი ყველა ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა.

კაპრალი ვახტანგ გზირიშვილი კი საქართველოს შეიარაღებული ძალების IV ქვეით ბრიგადაში მეტყვიამფრქვევედ მსახურობდა. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ვახტანგ გზირიშვილს ცხინვალის მისადგომებთან ნაძვნარში რუსული თვითმფრინავების მიერ დაბომბვისას ჭურვის ნამსხვრევი მოხვდა, ნამსხვრევმა მას ფეხი მოსწყვიტა და არტერია დაუზიანა. თანამებრძოლებმა იგი ბრძოლის ველიდან გაიყვანეს, მაგრამ სისხლისგან დაიცალა.