ქეთევან ციხელაშვილი:" ვაპირებთ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ყველა სოფელს, რომელიც მავთულხლართების სიახლოვეს მდებარეობს"

4 ნოემბერი 2017

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებს, ფხვენისსა და ზემო ნიქოზს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ, ტარიელ ხეჩიკაშვილთან ერთად ეწვია.

სოფელ ფხვენისში მთავრობის წევრები პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილთან ერთად, საფეხბურთო სკოლას ესტუმრნენ და პატარა ფეხბურთელებს საჩუქრად სფეხბურთის ფორმები და სპორტული ინვენტარი გადასცეს.

ქეთევან ციხელაშვილი და ტარიელ ხეჩიკაშვილი ასევე ესტუმრნენ ნიქოზის საგანმანათლებლო ცენტრს-ხელოვნების სკოლას, რომელიც ცხინვალისა და ნიქოზის მიტროპოლიტის, მეუფე ისაიას ინიციატივით და შემწეობით უკვე ხუთი წელია ფუნქციონირებს. ხელოვნების სკოლაში ნიქოზის და ახლომდებარე სოფლების მცხოვრები ბავშვები სხვადასხვა სფეროში იღებენ განათლებას და გამოყენებით ხელოვნებას ეუფლებიან.

„მთავრობის თითოეული უწყების ძალისხმევა იქითკენაა მიმართული, რომ არსებული პრობლემები დაძლეულ იქნას და მოსახლეობას ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა ჰქონდეს მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რასაც მავთულხლართები და სხვადასხვა დაბრკოლება ქმნის.

„რათქმაუნდა, განსაკუთრებულად უნდა ვიზრუნოთ ხალგაზრდების კეთილდღეობისა და ჯანმრთელობისთვის. სასიხარულოა, რომ სპორტისა დაახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ამ რეგიონში ძალიან აქტიურია. მოსახლეობისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ჩვენი მომავლის, ჩვენი შვილების ჯანმრთელობასა და კარგად სწავლას უკავშირდება. მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი იმას, რომ ისინი ფიზიკურადაც კარგად მომზადებულები იყვნენ“, განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.