ქეთევან ციხელაშვილი უკრაინის ვიცე-პრემიერს შეხვდა

8 ნოემბერი 2017
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი უკრაინის ვიცე პრემიერ-მინისტრ პავლო როზენკოს შეხვდა.

შეხვედრის მთავარი თემა ორი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის გაცნობა და იმ პრობლემების მიმოხილვა იყო, რომელთაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გამყოფ ხაზებთან მცხოვრები მოსახლეობა ყოველდღიურად აწყდება.

ჰუმანიტარული გამოწვევები,  უსაფრთხოება, მავთულხლართები,  მოსახლეობისათვის გადაადგილების, მშობლიურ ენაზე განათლების მიღებისა და საკუთრების განკარგვის უფლების შეზღუდვა - ეს ის საკითხებია, რომლებზეც შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა.

საუბარი ასევე შეეხო სამშვიდობო პოლიტიკის ძირითად სტრატეგიას. მხარეებმა ერთმანეთს თავიანთი ქვეყნის გამოცდილება გაუზიარეს.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელწმიფო მინისტრმა შეხვედრას უაღრესად საინტერესო უწოდა და ვიცე-პრემიერს ამისათვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ ქვეყნებს მსგავსი პრობლემები აქვთ - ტერიტორიების ოკუპაცია. ბუნებრივია, საინტერესო იყო, რომ არაერთი საკითხი ამ ჭრილში ერთობლივად განგვეხილა.          

„სტუმრებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება გავაცანით, მიმდინარე ოკუპაციისა და გადაუჭრელი კონფლიქტით გამოწვეული ჰუმანიტარული და უსაფრთხოების პრობლემები, რომელთაც მოსახლეობა აწყდება. 

„დიდი დრო დავუთმეთ საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკაზე, კერძოდ,  შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკაზე საუბარს. ასევე,  იმ ამოცანებზე, რომლებიც ამ პოლიტიკას გააჩნია და რაც კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის დახმარებას, მათთვის მეტი მომსახურების და სიკეთის მიწოდებას გულისხმობს.

„ვისაუბრეთ ჩვენს პარტნიორობაზე სხვადასხვა საერთაშორისო აქტორთან და იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია იმ პოლიტიკის თანმიმდევრულობა, რომელსაც დღეს საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს.  ეს არის ორი მთავარი მიმართულება - დეოკუპაცია და ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ საზოგადოებების  შერიგება“ , -განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

თავის მხრივ, უკრაინის ვიცე პრემიერმა, საქართველოს მთავრობას,  უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენი საუბრის  მთავარი თემა რუსეთის ფედერაციის  აგრესია იყო, რომელმაც ჩვენი ქვეყნების, საქართველოს და უკრაინის ტერიტორიების ნაწილების ოკუპაცია გამოიწვია, რის შედეგადაც უკრაინას 1,5 მილიონი იძულებით გადაადგილებული პირი ჰყავს. ოთხ მილიონზე მეტი ადამიანი კი საცხოვრებლად ოკუპირებულ ტერიტორიაზეა დარჩენილი. ეს  ჩვენთვის დიდ სირთულეს წარმოადგენს. საქართველოც დიდი ხანია მსგავსი პრობლემის წინაშე დგას  და ჩემი ვიზიტის მიზანი თქვენი პოზიტიური  გამოცდილება გაზიარებაა“,- აღნიშნა პავლო როზენკომ.