შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი კონფერენციაზე, „რელიგიური ტოლერანტობა საქართველოში“, სიტყვით გამოვიდა.
კონფერენციაში, რომელიც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა, მონაწილეობდნენ რელიგიური ორგანიზაციების ლიდერები, პარლამენტისა და მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლები.
„საქართველო მართლაც გამორჩეული ტრადიციის ქვეყანაა ეთნიკური, რელიგიური თუ კულტურული მრავალფეროვნების თვალსაზრისით. ყოველთვის ვამბობ და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ესაა უნიკალური სიმდიდრე, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია. ტრადიცია, რომელსაც აუცილებლად უნდა გავუფრთხილდეთ და მომავალშიც გავამყაროთ ინსტიტუციურად, სამართლებრივად თუ ყოველდღიური პრაქტიკით.
„ჩვენი აპარატის ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ თითოეული მოქალაქე, განურჩევლად ეთნიკური თუ რელიგიური წარმომავლობისა, თანასწორად იყოს ჩართული ქვეყნის ცხოვრების ყველა სფეროში. ამ მიზანს ვემსახურებით. მომავალში, ჩვენი სახელმწიფო, ყველა სტრუქტურისა და რა თქმა უნდა, ჩვენი საზოგადოების თანამშრომლობით, გააგრძელებს იმ მიზნისაკენ სვლას, რასაც ჩვენი ტოლერანტული გარემოს შენარჩუნება და სამომავლო გამყარება ჰქვია. ჩვენ მართლაც უნდა ვიყოთ რეგიონში და შესაძლოა, მის ფარგლებს გარეთაც მაგალითი მრავალეთნიკური, მრავალკულტურული, ევროპული ტიპის დემოკრატიული და განვითარებული სახელმწიფოსი,“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
კონფერენციის მიზანი საზოგადოებაში ტოლერანტობის კულტურის ამაღლება იყო. მონაწილეთა მოხსენებებში ხაზგასმული იყო საქართველოში შემწყნარებლობის, როგორც მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის არსებობა და ის გამოცდილება, რაც ამ თვალსაზრისით რელიგიურ ორგანიზაციებს გააჩნიათ