შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვლმა, ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოში საერთაშორისო კონკურსის „ლიდიცე - 2017“ ქართველი გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
კონკურსი მოიცავს ფოტოებს, ნახატებს, თიხის ნაკეთობებსა და ხელოვნების სხვა ნამუშევრებს. საკონკურსო თემა კი ყოველწლიურად იცვლება.
„ლიდიცე 2017“-ის ერთ-ერთი გამარჯვებული წელს, უკვე მესამედ, აფხაზეთიდან დევნილი მართა წულაია გახდა, რომელიც ჩეხეთის ელჩმა საქართველოში, ტომაშ პერნიცკიმ სხვა გამარჯვებულებთან ერთად დააჯილდოვა.
„ეს კონკურსი უკავშირდება მოვლენას, რომელიც არა მარტო ჩვენთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის საერთო საკაცობრიო ტრაგედიაა. იგი მუდამ უნდა გვახსოვდეს, რათა აღარასოდეს განმეორდეს. ჩვენს ქვეყანაში არის გადაუჭრელი კონფლიქტი, რომლის შედეგად ადამიანები ყოველდღიურად ზარალდებიან.
„მეამაყება, რომ ვმონაწილეობთ ამ კარგ წამოწყებაში, რომელიც თავის დროზე ჩეხეთის მთავრობამ მოიფიქრა და გადაწყვიტა მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგოს ასეთი გამოფენით, ხელოვნების ფესტივალით - ყველაზე კეთილი ფორმით. მასში მონაწილეობენ ქართველები, გამოვლინდა უამრავი ნიჭიერი ახალგაზრდა, არაჩვეულებრივი ბავშვები და ხელოვნების სკოლები. ყველას მინდა ეს გამარჯვება მივულოცო“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
ბავშვთა მხატვრული ხელოვნების ნიმუშების გამოფენა ჩეხეთში 1967 წლიდან იმართება და იგი სოფელ ლიდიცეში ნაცისტების მიერ დახოცილი ბავშვებისა და ზოგადად, საომარი კონფლიქტების მსხვერპლი ბავშვების ხსოვნას ეძღვნება.