საქართველოს ხელისუფლებისათვის მთავარი ღირებულებაა ადამიანი, მისი ღირსება და უფლებები. თითოეულ ადამიანს საკუთარი იდენტობა გააჩნია, რასაც განსაზღვრავს მისი ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილება, ტრადიცია, მრწამსი. შესაბამისად, ტოლერანტობა ადამიანის იდენტობის პატივისცემას და ზოგადად, თანასწორობაზე დაფუძნებული გარემოს ხელშეწყობას გულისხმობს.
საქართველოს გამორჩეული ადგილი უკავია ეთნიკური, რელიგიური თუ კულტურული მრავალფეროვნების თვალსაზრისით და გააჩნია ტოლერანტულ გარემოში მშვიდობიანი თანაცხოვრების უნიკალური, მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია.
დღეს ჩვენი ამოცანაა გავამყაროთ ეს ტრადიცია და ამ საფუძველზე დავაშენოთ მომავალი, სადაც ყველა მოქალაქე, განურჩევლად ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა, თანასწორია და ჩართულია ქვეყნის ცხოვრების ყველა სფეროში.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი სწორედ ამ მიზნებს ემსახურება. აპარატის კოორდინირებით სახელმწიფო სტრატეგიის ფარგლებში განხორციელებული პოლიტიკა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პრინციპებზეა დაფუძნებული, რაც გულისხმობს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა იდენტობისა და უფლებების დაცვას, განვითარებისათვის თავისუფალი გარემოს უზრუნველყოფას და ამავდროულად, წარმატებული სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერას.
ჩვენი ხედვა, „მეტი მრავალფეროვნება, მეტი ინტეგრაცია“ ითვალისწინებს ტოლერანტული გარემოს დამკვიდრებისა და განმტკიცების ხელშეწყობას, რაც სტაბილური დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისათვის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.