16 ნოემბერს, ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა ოფიციალური მიღება გამართა.
მოწვეულ სტუმრებს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა უმასპინძლა. მიღებას დაესწრნენ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, საერთაშორისო მისიების, საელჩოების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები.
სახელმწიფო მინისტრმა და სტუმრებმა ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციისა და ტოლერანტული გარემოს მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორი დაგლას ბოლი და საქართველოში ვროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე კარლო ნატალე.
ამავე საღამოზე გამოვლინდნენ სახელმწიფო მინისტრის აპარატის და საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) ერთობლივი ინიციატივით გამოცხადებული მედიაკონკურსის, „საქართველოს ეთნიკური მრავალფეროვნება“ გამარჯვებულები. ბაჩო გურაბანიძე(აჭარის ტელევიზია), კობა ჩოფლიანი და გიორგი გუგუშვილი (საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიო) ისლამ გორგიშვილი და ნაზი დაქიშვილი (პანკისის სათემო რადიო Radio WAY) ქეთევან ციხელაშვილმა და გაეროს ასოციაციის ხელმძღვანელმა, რამაზ აფციაურმა სიგელებით და ფასიანი პრიზებით დააჯილდოვეს.
ღონისძიებაზე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმა მშობლიურ ენაზე მუსიკალურ ნომრები შეასრულეს.
როგორც მიღებაზე სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა ეს დღე, რომელიც გაეროს გადაწყვეტილებით, 1996 წლიდან აღინიშნება, საშუალებას იძლევა ერთმანეთს შევახსენოთ ტოლერანტობის პრინციპის მნიშვნელობა, რაც ჩვენი ყოველდღიური ურთიერთობების საფუძველს წარმოადგენს.
„ყველა ადამიანს საკუთარი იდენტობა გააჩნია. ხშირად ამ იდენტობას დიდ წილად განსაზღვრავს ჩვენი ეროვნება, კულტურა, ტრადიცია, მრწამსი. ამიტომ, ტოლერანტობა ადამიანის იდენტობის პატივისცემას და შესაბამისად, ურთიერთპატივისცემას გულისხმობს. ჩვენი ხელისუფლებისათვის კი უმთავრესი ღირებულება არის ადამიანი, ადამიანის ღირსება, ადამიანის უფლებები, შესაბამისად თითოეული ადამიანის იდენტობის პატივისცემა.
„საუკუნეების მანძილზე საქართველოს გამორჩეული ადგილი უჭირავს ეთნიკური, რელიგიური თუ კულტურული მრავალფეროვნების თვალსაზრისით და გააჩნია ტოლერანტულ გარემოში მშვიდობიანი თანაცხოვრების უნიკალური ტრადიცია. დღეს ჩვენი ამოცანაა გავამყაროთ ეს ტრადიცია და ამ საფუძველზე დავაშენოთ ჩვენი მომავალი, სადაც ყველა მოქალაქე ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილების მიუხედავად, თანასწორია.
„ამიტომაც, ჩვენი პოლიტიკა და ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქე, განურჩევლად ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა, იყოს დაცული, ჰქონდეს თავისუფალი განვითარების შესაძლებლობა და იყოს ჩართული ქვეყნის ცხოვრების ყველა სფეროში. სწორედ ეს არის წარმატებული სამოქალაქო ინტეგრაცია, როდესაც მთელი საზოგადოების საერთო ენერგია, მუხტი, ნიჭი და შესაძლებლობა ეფექტურად არის რეალიზებული ჩვენი ქვეყნის, ჩვენი საერთო სამშობლოს განვითარებისათვის. ჩვენი მრავალფეროვნება ჩვენი განვითარების უნიკალური წყარო და სიმდიდრეა,“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.