შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა შეხვედრა გამართა კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში, ტოივო კლაართან.
ესტონელი დიპლომატი, რომელიც 2013-2014 წლებში საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ხელმძღვანელობდა, მონაწილეობას მიიღებს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში ევროკავშირის მხრიდან.
ქეთევან ციხელაშვილმა მიულოცა სტუმარს ახალ პოზიციაზე დანიშვნა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე და ადამიანის უფლებათა დარღვევების ფაქტებზე. ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატის მნიშვნელობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოების და ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრის მიმართულებით. აღინიშნა ევროკავშირის, როგორც საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარის განსაკუთრებული როლი კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების საქმეში.
შეხვედრაზე ასევე მიმოიხილეს საქართველოს მთავრობის სამშვიდობო მიდგომა კონფლიქტების გადაჭრის სფეროში, შერიგების და ჩართულობის პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები.