რუსთავში ტოლერანტობის კვირეული დაიხურა

19 ნოემბერი 2017

ტოლერანტობის კვირეულის დახურვას, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა რუსთავში ღონისძიება მიუძღვნა. მულტიეთნიკური ხელოვნების ფესტივალი „ერთი ცის ქვეშ-კულტურათა დიალოგი“, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის თეატრში გაიმართა.

ფესტივალი მრავალფეროვანი პროგრამით იყო წარმოდგენილი. გაიმართა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდები იღებდნენ.

ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულმა ანსამბლებმა შეასრულეს. თეატრის ფოიეში კი, ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის ორგანიზებით, რუსთაველი მხატვრების ნამუშევრების დათვალიერება იყო შესაძლებელი.

„ეს ღონისძიება ურთიერთობის, ინტეგრაციის არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა. საქართველოს მრავალეთნიკური საზოგადოებისათვის ფესტივალი მნიშვნელოვანია სხვადასხვა ეროვნების კულტურული ღირებულებების წარმოჩენისა და დაფასებისათვის“, - განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა და სამოქალაქო ინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზვიად ზვიადაძემ.

ფესტივალს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ–გუბერნატორის მოადგილე ზაურ დარგალი, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მულტიეთნიკური ხელოვნების ფესტივალი „ერთი ცის ქვეშ-კულტურათა დიალოგი“ გაეროს ასოციაციის (UNAG) „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის პროგრამის“ ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა. ასევე, მხარდამჭერები იყვნენ ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო. კონცერტს საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის ქვემო ქართლის განყოფილების ხელმძღვანელი, პროექტის ავტორი, კომპოზიტორი მანანა ალფაიძე უძღვებოდა.

ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით, 13-19 ნოემბერს აღინიშნა.

1995 წლის 16 ნოემბერს, იუნესკომ ტოლერანტობის პრინციპების შესახებ დეკლარაცია მიიღო. ტოლერანტობის მსოფლიო დღე კი, გაეროს გენერალური ასამბლეის ინიციატივით, 1996 წლიდან აღინიშნება.