ქეთევან ციხელაშვილი: „დამატებითი შეზღუდვები, რეგულაციები და ფიზიკური ბარიერები ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანთა ცხოვრებას ძალიან რთულს ხდის“

17 ნოემბერი 2017
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი სახალხო დამცველის მიერ გამართულ საჯარო დისკუსიაზე „ადამიანის უფლებების მდგომარეობა კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში: არსებული გამოწვევები და სახელმწიფოს სტრატეგია“ სიტყვით გამოვიდა.

სახელმწიფო მინისტრმა ყურადღება გაამახვილა განგრძობადი ოკუპაციის პროცესსა და იმ სირთულეებზე, რასაც იგი მოსახლეობას უქმნის. როგორც მან აღნიშნა, დამატებითი შეზღუდვები, ფიზიკური ბარიერები, ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ჩაკეტვა თუ დამატებით რეგულაციები ადამიანების გადაადგილებასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრებას ძალიან რთულს ხდის.

„ესაა სწორედ საოკუპაციო პოლიტიკის გაგრძელება. რა თქმა უნდა, ნებისმიერ შეზღუდვას, რომელსაც ეს რეჟიმი მოსახლეობას თავს მოახვევს, დამატებითი გამოწვევები მოყვება. ეს აისახება სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ადამიანზე. გალის მოსახლეობა კი განსაკუთრებით მოწყვლადია, რადგან მისთვის გადაადგილება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

„ იმ ოთხი ე.წ. გადასასვლელი პუნქტის ჩაკეტვით, რაც გასულ წელსა და მიმდინარე წლის გაზაფხულზე მოხდა, ამ მხრივ საკმაოდ რთული ვითარება შეიქმნა. ენგურის ხიდი ფუნქციონირებს და მოსახლეობა გადაადგილდება, მაგრამ ბუნებრივია, ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დაკეტვამ, მიმოსვლის სტატისტიკასა და ადამიანების ცხოვრებას, თავისი თავისი კვალი დაატყო,“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

მან ყურადღება გაამახვილა მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების შეზღუდვაზე და აღნიშნა, რომ ყველა სკოლა იძულების წესით რუსულ ინსტრუქციაზე გადაიყვანეს იმ პირობებში, როცა არც მასწავლებლები და არც მოსწავლეები რუსულ ენას არ ფლობენ.

სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, ეს ის საკითხია, რომელზეც ქართული მხარე ძალიან აქტიურად მუშაობს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში და არა მხოლოდ იქ. მისი თქმით, საერთაშორისო ფორუმზე ეს საკითხი ცალსახად არის გამოკვეთილი. ასევე, საერთაშორისო მოხსენებებსა და რეზოლუციებში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს სწორედ ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა და უშუალოდ სწორედ გალის რაიონის მოსახლეობის მდგომარეობა.

„მშობლიურ ენაზე განათლების უფლებას ემატება ე.წ. დოკუმენტებზე წვდომა. ბუნებრივია, ნებისმიერი დოკუმენტი რაც იქაა, არასამართლებრივი და არალეგიტიმურია, მაგრამ უფლებრივ ჭრილში მნიშვნელოვანია, რამდენადაც გალის მოსახლეობისათვის ე.წ. დროებითი ბინადრობის მოწმობის აღების ერთადერთი შესაძლებლობაა.

„ყველა ამ ზომის ერთობლიობაში წაკითხვა იძლევა სურათს, რომელიც საუბედუროდ დისკრიმინაციულია ქართველი მოსახლეობის მიმართ. მათ ცხოვრების ძალიან მძიმე პირობები აქვთ. ჩვენი ძალისხმევა კი, ყოველდღიურ რეჟიმში, მიმართულია იქითკენ, რომ მოსახლეობას დავეხმაროთ. ჩვენი ამოცანა გამოსავლის მოძებნაა. ღია ვართ დისკუსიისათვის. კონკრეტული ხედვები გვაქვს თუ როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემები, თუკი ამის ნება იქნება. ჩემი და ჩემი აპარატის მცდელობა სწორედ აქეთკენაა მიმართული,“ - დასძინა ქეთევან ციხელაშვილმა.