შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბელეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდა.
შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა სტუმრებს დეტალურად გააცნო ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებული მდგომარეობა როგორც უსაფრთხოების, ისე ჰუმანიტარული კუთხით. ასევე, ის პრობლემები, რომელებსაც მოსახლეობა ყოველდღიურად აწყდება.
შეხვედრაზე მიმოიხილეს საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა და მთავრობის მიერ მოსახლეობის პრობლემების გადასაჭრელად გადადგმული ნაბიჯები. განიხილეს სამომავლო გეგმებიც. "ევროსაბჭო ძალიან აქტიურია არსებული ვითარების მონიტორინგის მხრივ. მოგეხსენებათ, წელიწადში ორჯერ გამოდის გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიში, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებისათვის, არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად, ძალიან მნიშვნელოვანი წყაროა. ამავდროულად, ევროსაბჭო აფინანსებს და მხარს უჭერს ნდობის მშენებლობის პროექტებს, რომლებიც შერიგების გზაზე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
"განსაკუთრებით გალის მოსახლების მდგომარეობაზე ვისაუბრეთ. იმ შეზღუდვებზე, რომელთაც საუბედუროდ, წლების განმავლობაში აქვთ ადგილი. გაუარესების ტენდენციაა მშობლიურ ენაზე განათლების მიღებისა და ე.წ. დოკუმენტებზე წვდომასთან დაკავშირებით. ეს კი ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვას იწვევს.
„ვისაუბრეთ იმაზეც, რომ ამ მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის, ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ საზოგადოებებს შორის დიალოგისა და ხალხთა შორის კონტაქტების წასახალისებლად ერთობლივი ძალისხმევის მობილიზება აუცილებელია. მიუხედავად დაბრკოლებების გაზრდისა, მავთულხლართების, ბანერებისა და ხელოვნური ბარიკადების მშენებლობისა, უნდა გავაძლიეროთ ძალისხმევა, რათა ადამიანებს ერთმანეთთან კონტაქტისა და გადაადგილების შესაძლებლობა მივცეთ. ამისათვის არა მხოლოდ საერთაშორისო ფორმატები უნდა გამოვიყენოთ, როგორიც ჟენევის დისკუსიებია, არამედ სწორედ ნდობის მშენებლობისა და დიალოგის პროექტები, რომლებსაც ეს ორგანიზაციები და მათი წევრი ქვეყნები გვთავაზობენ. ამიტომ, დღეს აქცენტები სწორედ ამაზე დავსვით, რათა ჩვენმა პარტნიორებმა კარგად გააცნობიერონ რა რთულ ვითარებასთან გვაქვს საქმე,“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბელეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები გამყოფი ხაზების სიახლოვეს მდებარე სოფლების მონახულებასაც აპირებენ.