შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი უკრაინაში სამდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება, სადაც გაეროს მიერ ორგანიზებულ ქალთა კონგრესზე მომხსენებლადაა მიწვეული.
კონგრესი, რომელიც 22-23 ნოემბერს იმართება, პოლიტიკაში, ეკონომიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალების ჩართულობასა და გაძლიერებას ეხება. ასევე, ქალების როლს მშვიდობის შენარჩუნებისა და მშენებლობის პროცესში.
კონგრესი პირველად გაიმართა და მას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 300 წარმომადგენელი ესწრება - პოლიტიკოსები, ბიზნესის, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
სახელმწიფო მინისტრის გამოსვლა შეეხებოდა ქალების როლს მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში.
„მე მჯერა - მეტი ქალი სამშვიდობო პროცესში, ნიშნავს მეტ მშვიდობას მსოფლიოში. ანალოგიურად, მე მჯერა, რომ მეტი ქალი პოლიტიკაში, უფრო ეფექტურ პოლიტიკას ნიშნავს. ამას მთელი ჩემი ცხოვრების გაანმავლობაში თამამად ვიმეორებ.
„გენდერული თანასწორობა უფრო მეტად წარმომადგენლობით სამართლიანობას ეხება, რადგან ქალები ფაქტობრივად მოსახლეობის უმეტესობას შეადგენენ ბევრ საზოგადოებაში, მათ შორის საქართველოში - 52,3 %-ით.
„გენდერული თანასწორობა და ქალების გაძლიერება ნებისმიერი საზოგადოების ბუნებრივი პროცესია. ჩვენ ყველას გვსურს და გვჭირდება ჩვენი საზოგადოების შესაძლებლობებისა და ნიჭის განვითარება მეტი პროგრესისათვის. ეს არ იქნებოდა მიღწეული ქალთა სათანადო ჩართულობის გარეშე,“ - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ქეთევან ციხელაშვილმა.
სახელმწიფო მინისტრის თქმით, გენდერული თანასწორობა სჭირდება იურიდიულ, ინსტიტუციურ და პრაქტიკულ დებულებებს, რათა ძალადობისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრა უფრო ეფექტურად გაგრძელდეს.
კონფერენციაზე მინისტრმა ისაუბრა საქართველოში 2006 წელს მიღებულ კანონზე „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ და ასევე კანონზე „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ.“
აღნიშნა, რომ ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმა, ოჯახში ძალადობის ჩათვლით, საქართველოში 2012 წლიდან დანაშაულად ითვლება და დროთა განმავლობაში სანქციები სულ უფრო და უფრო მკაცრდება.
ხაზი გაუსვა 2017 წლის მაისში სტამბულის კონვენციის რატიფიცირებას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, რაც 24 საკანონმდებლო ცვლილებას გულისხმობს. ასევე, გენდერული თანანსწორობის შესახებ კანონის მიღებას და ა.შ.
ამასთანავე, სახელმწიფო მინისტრმა დამსწრე საზოაგდოებას აღნიშნული კანონების პრაქტიკაში განხორციელების პროცესზეც მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ გარკვეული შედეგი უკვე მიღწეულია - ძალადობის შემთხვევები მცირდება.
„რაც შეეხება პოლიტიკაში ჩართულობას, რა თქმა უნდა, მეტია საჭირო. საქართველოს პარლამენტის წევრთა 15 % ქალია. 23 ქალი დეპუტატიდან 20 მათგანს მაღალი საპარლამენტო თანამდებობა უკავია. ეს მაჩვენებელი ყველაზე დაბალი 2008 წელს იყო - 5 %. ქალები წარმოადგენენ საქართველოს მთავრობის 11 %-ს.
„ქალები აქტიურად არიან ჩართულები ფორმალურად მოლაპარაკებებში, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში. ასევე, საჯარო დიპლომატიაში. ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა გვქონდეს ამბიცია ამ მიმართულებით მეტი გავაკეთოთ,“ - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები სხვადასხვა ოფიციალურ პირთან. სახელმწიფო მინისტრი საქართველოში 24 ნოემბერს დაბრუნდება.