შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა, უკრაინაში ვიზიტისას, ოფიციალურ პირებთან სამუშაო შეხვედრები გამართა.
სახელმწიფო მინისტრი შეხვდა უკრაინის ვიცე-პრემიერს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ივანა კლიმპუშს, უკრაინის პარლამენტის ვიცე -სპიკერს ირინა ჰერაშჩენკოს, დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრს ვადიმ ჩერნიშს და სოციალურ საკითხებში უკრაინის ვიცე პრემიერ-მინისტრს პაველ როზენკოს.
შეხვედრების მთავარი თემა ორი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის გაცნობა და იმ პრობლემების მიმოხილვა იყო, რომელთაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გამყოფ ხაზებთან მცხოვრები მოსახლეობა ყოველდღიურად აწყდება. ისაუბრეს მათ გამოწვევებზე როგორც ჰუმანიტარული, ისე უსაფრთხოებისა და გადაადგილების კუთხით.
საუბარი შეეხო რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას, იმ მძლავრ პროპაგანდას, რომელსაც ახორციელებს და რომლის შედეგადაც ორი ქვეყნის ტერიტორიის დიდი ნაწილი ოკუპირებულია. ქეთევან ციხელაშვილმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ საქართველოსათვის კონფლიქტები გაყინული არ არის და რომ პროცესი დღითიდღე მწვავდება, რითიც სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ზარალდება.
შეხვედრებზე ასევე მიმოიხილეს საქართველოს შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკა. ისაუბრეს იმ გადადგმულ ნაბიჯებსა და დაგეგმილ ღონისძიებებზე, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად ახორციელებს.
ხაზი გაესვა კონფლიქტის მოგვარების პროცესში საზოგადოების როლს, ხალხთა შორის კონტაქტებისა და დიალოგის არსებობის მნიშვნელობას.
მხარეებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს, მიმოიხილეს მინსკისა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობის პროცესები და ისაუბრეს ერთობლივ მოქმედებაზე საერთაშორისო მხარდაჭერის მოსაპოვებლად.
აქვე, საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატეს და კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობისათვის მზადყოფნა გამოთქვეს.
სახელმწიფო მინისტრის სამუშაო ვიზიტი კიევში 21-23 ნოემბერს გაიმართა. ვიზიტის ფარგლებში, ქეთევან ციხელაშვილი გაეროს მიერ ორგანიზებულ ქალთა კონგრესზე მოხსენებით წარსდგა. კონგრესი, რომელიც 22-23 ნოემბერს გაიმართა, პოლიტიკაში, ეკონომიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალების ჩართულობასა და გაძლიერებას ეხებოდა.