ქეთევან ციხელაშვილმა ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებული გიორგი გიუნაშვილი მოინახულა, რომელსაც 20 წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი

27 ნოემბერი 2017

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებული გიორგი გიუნაშვილი მოინახულა.

სახელმწიფო მინისტრმა გიუნაშვილის გათავისუფლება შეაფასა როგორც მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული და პოზიტიური ნაბიჯი, რაც დადებითად აისახება მთლიანად სამშვიდობო პროცესზე. ასევე აღნიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ამგვარი საკითხების ირგვლივ თანამშრომლობის პოზიტიური პრაქტიკა ჩამოყალიბდა ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ ურთიერთობებში, რაც სამშვიდობო პროცესზე დადებითად აისახება.

„მიღწეულია მნიშვნელოვანი შეთანხმება და შედეგი. ესაა პრაგმატული და ჰუმანიტარული მიდგომების გამოვლინება და ვფიქრობ, რომ დადებითად უნდა შეფასდეს. ბოლო წლებში ამ საკითხების ირგვლივ ჩვენ საკმაოდ მჭიდრო და პრაგმატული თანამშრომლობის პოზიტიური გამოცდილება ჩამოგვიყალიბდა. მათ შორის, აფხაზურმა მხარემ მნიშვნელოვანი ძალისხმევა გასწია, რაც ბუნებრივია, დადებითად უნდა შეფასდეს.

„იმედი მაქვს, მსგავსი პრობლემები ზუსტად ამავე სულისკვეთებით მოგვარდება - ამ ეტაპზე პრაგმატული და ჰუმანიტარული გამოსავლების მოძებნას შევძლებთ. მომავალში კი, რა თქმა უნდა, ამგვარი საჭიროების თავიდან არიდებას,“- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

2016 წლის ივნისში დაკავებული, გორის რაიონის სოფელ დისევში მცხოვრები გიორგი გიუნაშვილი, რომელიც ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით დააკავეს, 18 თვის შემდეგ ოჯახს დაუბრუნდა. მას 20 წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. გიუნაშვილის გათავისუფლების საკითხი სხვადასხვა ფორმატში აქტიურად განიხილებოდა.

ბოლო წლებში (2013, 2014, 2016) პატიმრები გათავისუფლდნენ როგორც ქართული მხარის მიერ, ისე ცხინვალისა და სოხუმის საპყრობილეებიდან. მათ შორის, 2016 წლის მარტში, ცხინვალისა და სოხუმის იზოლატორებიდან საქართველოს 14 მოაქალაქე იქნა გათავისუფლებული.