საქართველოს პარლამენტისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, შოთა რუსთაველის სახელობის საპარლამენტო დარბაზში ოსურ-ქართული ურთიერთობებისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
ღონისძიების მიზანი ოსური კულტურისა და იმის წარმოჩენა იყო, თუ რამდენად მნიშვნელოვანია იგი საქართველოსათვის.
ღონისძიებას ესწრებოდნენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე, ოსური საზოგადოების წარმომადგენლები და ა.შ.
ღონისძიებაზე სახელმწიფო მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. მისი თქმით, საღამოს მიზანი კიდევ ერთხელ გამეორებაა იმისა, რომ მშვიდობიანი ბრძოლა გაერთიანებისათვის გრძელდება და მანამ არ დასრულდება, სანამ არ დაინგრევა ბარიერები, რომლებიც დღეს იმ ხალხს, ვინც საოკუპაციო ზოლის მიღმა დარჩა, დანარჩენი საქართველოს მაცხოვრებლებისაგან ჰყოფს.
ამისათვის, ქეთევან ციხელაშვილის თქმით, სახელმწიფოს შემუშავებული აქვს მშვიდობიანი პოლიტიკის გეგმა, რომელიც მოიცავს უამრავ პროგრამას ჯანდაცვის, კულტურის, განათლებისა და სხვა მიმართულებით.
„ვილაპარაკეთ იმ საერთო ტკივილზე, რომელიც დღეს ქართველ და ოს ხალხს გააჩნია. იგი იმ კონფლიქტმა და დაპირისპირებამ მოიტანა, რომელიც არასოდეს უნდა მომხდარიყო. იმ მოცემულობამ, რომელიც კილომეტრებზე გადაჭიმული მავთულხლართების არსებობას უკავშირდება. ეს ყველაფერი ათასობით ოჯახს ყოველდღიურად ძალიან მძიმე გამოწვევებს უქმნის - როგორც ქართველებს, ისე ოსებს.
„ვისაუბრეთ იმ საერთო რწმენაზე, რომელიც დღეს აქ მყოფ ყველა ადამიანს აერთიანებდა- ქართველებსაც და ოსებსაც - აუცილებლად დადგება დღე, როდესაც ეს ხელოვნური ბარიკადები დაიშლება. ჩვენ უნდა მოვახერხოთ ერთმანეთის ნდობის დაბრუნება, ერთმანეთთან მისასვლელი გზების მოძებნა და შერიგება, რომელიც ურთიერთპატივისცემას დაეფუძნება.
„გარწმუნებთ, რომ ჩვენ ამისათვის ძალისხმევას არ დავიშურებთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ეს დღე რაც შეიძლება მალე მოვიდეს. ეს ჩვენი ქვეყნისათვის და ჩვენი მთავრობისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საქართველო ყოველთვის იყო, არის და, დარწმუნებული ვარ, რომ იქნება ქვეყანა, რომელზეც ყველა ადამიანს - განურჩევლივ რელიგიური და ეთნიკური წარმომავლობისა - შეუძლია თქვას, რომ ეს მისი სახლია,“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციასთან არსებული საცეკვაო ანსამბლ "ნართების", ვოკალური ანსამბლ "ლიახვისა" და ცხინვალის თეატრის მიერ შესრულებული.