შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის მანდატის ფარგლებში გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა.
კონფერენციის თემა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების “ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე” საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებები - მიღწევები, გამოწვევები და მიზნები იყო.
კონფერენციაზე განხილულ იქნა 2016-2017 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში შესრულებული საქმიანობები, მონიტორინგის შედეგები და 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის ახალი ასპექტები.
„აღნიშნული საკითხები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით, არამედ ზოგადად, ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის, მისი დემოკრატიისათვის. როცა სახელმწიფო უსაფრთხოებაზეა საუბარი, ადამიანური უსაფრთხოების კომპონენტი უმნიშვნელოვანესია, რომლის ყველაზე მნიშვნელოვანი შემადგენელი სწორედ გენდერული თანასწორობის საკითხები და ქალთა უფლებებია. მოხარული ვარ, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველია რეგიონში, რომელმაც ამ მიმართულებით ფიქრი და განვითარება დაიწყო.
„შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში ეს საკითხი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. კონფლიქტის მოგვარების საკითხებში ქალთა როლის გაზრდაზე მუდმივად ვფიქრობთ.
„ასევე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქალთა უფლებების თვალსაზრისით არსებული ვითარება ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ვფიქრობთ, რომ ეს მომავალშიც ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება იქნება ,“ - განაცხადა დარსალიამ.