ლაშა დარსალია: „ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის გაზრდა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“

6 დეკემბერი 2017
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია გერმანიისა და საქართველოს წარმატებული თანამშრომლობისა და დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა.

უმცირესობის საკითხთა ევროპული ცენტრის (ECMI) მიერ ორგანიზებული მრგვალი მაგიდის თემა ეთნიკური უმცირესობების უფლებრივი მდგომარეობა და სახელმწიფოში მათი როლი იყო. სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ დაწვრილებით ისაუბრა  იმაზე, თუ რატომაა მნიშვნელოვანი ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებრივ ცხოვრებაში კიდევ უფრო აქტიური მონაწილეობა. მისი თქმით, მთავრობის მიზანი მათი ჩართულობის ხელშეწყობაა ისე, რომ ამავდროულად შენარჩუნდეს და განვითარდეს მათი ენა და კულტურა.

„აღნიშნული პოლიტიკა ჩვენი კანონმდებლობით, პირველ რიგში კი საქართველოს კონსტიტუციითაა განმტკიცებული, რომელიც ეთნიკური უმცირესობების კულტურათა დაცვის აუცილებლობაზე საუბრობს. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობამ სხვადასხვა საერთაშორისო მექანიზმის საფუძველზე ვალდებულებები აიღო. კერძოდ 1999 წელს საქართველოს ევროპის საბჭოს შეუერთდა და ამით გარკვეული ვალდებულებები ვიკისრეთ.  გარდა ამისა, 2014 წელს საქართველომ ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღო, რომლის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი სწორედ უმცირესობების დაცვას ეხება.

„როდესაც ინტეგრაციაზე ვსაუბრობთ, ხაზი უნდა გავუსვათ ენის მნიშვნელობას. საქართველოს კანონმდებლობა ახალ მიდგომას ითვალისწინებს. კერძოდ, იგი ხაზს უსვამს  ეთნიკური უმცირესობების ენების მნიშვნელობას და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების მოსახლეობას საჯარო სივრცეში თავიანთი ენების გამოყენების საშუალებას აძლევს.  ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა ბევრი ჯერ კიდევ გასაკეთებელია და ეს თემა ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტია. უმცირესობების ჩართულობის გაზრდა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„პირველ რიგში საუბარია პოლიტიკურ ცხოვრებაზე.  იმისათვის, რომ არჩევნებში მათი მონაწილეობა გაზრდილიყო, საარჩევნო მასალები ეთნიკური უმცირესობებისათვის ხელმისაწვდომ ენებზე უზრუნველყოფილია. 

„ასე რომ, ყველაფერი რომ ჩამოვთვალოთ - სამართლებრივი რეფორმები თუ პრაქტიკული  ღონისძიებები, რომლებიც საქართველოს მთავრობამ განახორციელა, საკმაოდ გრძელი სია გამოვა. თუმცა, აქ მთავარია ჩვენ საზოგადოებას  ვკითხოთ რამდენად ეფექტურია ეს ღონისძიებები, რა უნდა გავაუმჯობესოთ და რომელ სფეროებში უნდა ვითანამშრომლოთ მეტად. ზოგადად, საქართველოს მთავრობა მიმართულია, რომ ამ მიმართულებით ეფექტური პოლიტიკა გვქონდეს და ასეთი ტიპის დისკუსია ამ საკითხებზე საუბრის კიდევ ერთი შესაძლებლობაა,“ - აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას ლაშა დარსალიამ.

დისკუსიაში მონაწილეობას იღებდნენ საჯარო მოხელეები, უმცირესობების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.