შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია კონფერენციაზე „კულტურული დიალოგი და ახალგაზრდების როლი სამშვიდობო პროცესში“ სიტყვით გამოვიდა.
კონფერენცია ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით გაიმართა და მისი მიზანი პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში ახალგაზრდების როლის გააქტიურება და სამშვიდობო პროცესში მათი ჩართულობა იყო.
კონფერენციაზე ორი ძირითადი თემის გარშემო ისაუბრეს - სახალხო დიპლომატიის როლი კონფლიქტის რეზოლუციაში და ტურიზმი, ახალგაზრდები და ქართული პროდუქცია მშვიდობის მშენებლობაში.
„ნებისმიერი პროექტი, რომელიც ნდობის აღდგენისკენაა მიმართული, ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც სახელმწიფო, ისევე ჩვენი სამინისტრო დიდ ყურადღებას უთმობს ამ კუთხით ჩატარებულ ღონისძიებებს. აღნიშნული ღონისძიებაც სწორედ ასეთია. ჩვენ მხარს ვუჭერთ ნებისმიერ აქტივობას, სადაც ნდობის აღდგენა მთავარი საკითხია.
„მინდა აღვნიშნო, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა ეს ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და ახალგაზრდების მიერ კეთდება. ეს ის თაობაა, რომელმაც უნდა გადალახოს ტრაგედია, რომელიც ქართველებმა, ოსებმა და აფხაზებმა გადავიტანეთ. მათ უნდა შეძლონ ის, რაც წინა თაობებმა ვერ შეძლეს. ასე რომ, ახალგაზრდობის როლი ძალიან დიდია. ამ პრობლემების მოგვარება მათ ხელშია,“ - განაცხადა ლაშა დარსალიამ.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და 30-მდე ახალგაზრდამ, რომლებიც მთელი საქართველოს მასშტაბით, კონკურსის წესით შეირჩნენ.