შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია სოციალური ინკლუზიის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტების შემაჯამებელ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა.
კონფერენცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა და მისი მიზანი საგანმანათლებლო დაწესებულებებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოზარდებისთვის კეთილგანწყობილი გარემოს შექმნის მიზნით განხორციელებული პროექტების შედეგების გაცნობა და საქართველოში მცხოვრები ბოშებისა და მესხების ისტორიის, ყოფისა და კულტურის შესახებ ინფორმაციის მიწოდება იყო.
პროგრამის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები ხელს უწყობს ბოშა და მესხ მოზარდებში ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას და მათში სახელმწიფო ენის ცოდნის გაუმჯობესებას.
სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების ორგანიზებისათვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა,რომ სახელმწიფო მინისტრის აპარატი დიდ ყურადღებას უთმობს მცირერიცხოვანი ეთნიკური ჯგუფების ინტეგრაციის საკითხს, მათი საჭიროებების შესწავლასა და არსებული პრობლემების გადაჭრის გზების ძიებას.
„მოგეხსენებათ, საქართველო მრავალეთნიკური და მრავალკონფესიური ქვეყანაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი სახელმწიფოსათვის ამ მრავალფეროვანი საზოგადოების დაცვა მნიშვნელოვანია. სწორედ ამისკენაა მიმართული სახელმწიფოს პოლიტიკაც და იგი, პირველ რიგში, ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციას გულისხმობს. მნიშვნელოვნია მათი კულტურისა და ენის შენარჩუნება, განვითარება და გაძლიერება. ეს უზრუნველყოფს სწორედ მრავალფეროვან გარემოს.
„მე ვიცი, რომ ამ თვალსაზრისით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. ამას მივესალმებით და მხარს ვუჭერთ. იმედი მაქვს, რომ ერთობლივი ძალისხმევით უფრო მეტის გაკეთებას შევძლებთ,“ - განაცხადა ლაშა დარსალიამ.
ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ხელგარჯილობის კლუბებში მომზადებული ბოშური და მესხური თემატიკით დატვირთული ხელნაკეთი ნივთები დაეთვალიერებინათ.