შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საქართველოს მთავრობისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის ერთობლივ კონფერენციაზე „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ამოცანები“ სიტყვით გამოვიდა.
პლენარული სესიის თემა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება იყო. განსახილველი საკითხები კი - სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ: „ჩართულობა თანამშრომლობის გზით“; რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის და განათლების მიღების ხელმისაწვდომობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
სახელმწიფო მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის უფლებრივი თუ ჰუმანიტარული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც ეს ადამიანები დგანან - გადაადგილების, განათლებისა და საკუთრებაზე წვდომის უფლების შეზღუდვაზე.
ასევე, მან ხაზი გაუსვა ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების როლს და აღნიშნა, რომ შერიგების გზაზე მათ საკმაოდ დიდი როლი ეკისრებათ.
„სახელმწიფოს პოლიტიკა მიმართულია შერიგებისაკენ. ჩვენი ამოცანა ისაა, რომ საზოგადოებები, გამყოფი ხაზის ორივე მხარეს, შერიგდნენ და ერთმანეთი დაიბრუნონ. გარკვეული შესაძლებლობები არსებობს და ვცდილობთ ამ შესაძლებლობების ფარგლებში ვიმოქმედოთ“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.