ქეთევან ციხელაშვილი დიმიტრი ჯაიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

12 დეკემბერი 2017
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველო სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი მწუხარებას გამოთქვამს  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის, მსახიობის დიმიტრი  ჯაიანის გარდაცვალების გამო.

დიმიტრი ჯაიანი იყო საქართველოს სახალხო არტისტი, სახელმწიფო პრემიის, კოტე მარჯანიშვილისა და გიორგი შერვაშიძის პრემიების ლაურეატი, ღირსების ორდენისა და უკრაინის პრესტიჟის ორდენის კავალერი, მაყურებლის სიმპათიის პრიზის მფლობელი, ქ. სენაკის საპატიო მოქალაქე, კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის წამყვანი მსახიობი, დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი ათეული წლების განმავლობაში.

იგი იყო 1999-2004 წლების მოწვევის პარლამენტის წევრი, ხოლო 2013 წლიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი.

„დიმა ჯაიანი მართლაც გამორჩეული ფიგურა იყო, უნიჭიერესი მსახიობი, რომელმაც არაერთი შესრულებული როლით დაგვამახსოვრა თავი, დაიმსახურა საყოველთაო სიყვარული და პატივისცემა. გარდა ამისა, იგი იყო აქტიური საზოგადო მოღვაწე და მის მშობლიურ აფხაზეთზე შეყვარებული ადამიანი. მისმა გარდაცვალებამ ძალიან დამწყვიტა გული. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს,“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

დიმიტრი ჯაიანს დღეს დაკრძალავენ.