ქეთევან ციხელაშვილი ებრაელ ხალხს „ხანუქა“-ს დღესასწაულს ულოცავს

12 დეკემბერი 2017
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა საქართველოში მცხოვრებ ებრაელებს ხანუქას დღესასწაული მიულოცა.  

სახელმწიფო მინისტრი თბილისის დიდ სინაგოგაში გამართულ ღონისძიებას დაესწრო, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, თბილისის მერი კახა კალაძე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები,  რაბინები და ებრაული თემის წარმომადგენლები.  

ქეთევან ციხელაშვილის თქმით, ებრაული კულტურა ჩვენი ქვეყნის კულტურის განუყოფელი ნაწილია.

“საქართველოში მცხოვრებ თითოეულ  ებრაელს მინდა მოგილოცოთ  ხანუქას დღესასწაული. ეს არის განახლების, სამართლიანობის დღესასწაული, რაც სინათლის ბნელზე გამარჯვებას გულისხმობს. გისურვებთ, რომ ეს დღე, როგორც თავისუფლების ზეიმი, თითოეული თქვენგანისათვის მშვიდობის, ბედნიერებისა და კეთილდღეობის მომტანი ყოფილიყოს.  

„ქართველებსა და ებრაელებს უამრავი რამ გვაქვს საერთო. სანიმუშოა ის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა, გვერდში დგომა და თანაცხოვრება, რომელიც ებრაელ და ქართველს ხალხებს აკავშირებს. მჯერა, რომ ეს მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება და კიდევ უფრო განმტკიცდება“, - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.  

ხანუქას, ანუ ოქროს მენორის დღესასწაულს ებრაელები  ნოემბერ-დეკებერში ზეიმობენ. იგი ტაძრის გაწმენდის, საკურთხევლის კურთხევისა და სატაძრო მსახურების განახლების აღსანიშნავად დაწესდა და  რწმენის სიმტკიცისა და ტრადიციების განახლების სიმბოლოა. დღესასწაული 8 დღის განმავლობაში გრძელდება და ყოველ დღე სასანთლეზე (მენორაზე) თითო სანთელი ინთება. ეს ამ დღესასწაულის მთავარი რიტუალია.