ქეთევან ციხელაშვილი იაპონიის ელჩს შეხვდა

13 დეკემბერი 2017
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ტადაჰარუ უეჰარას შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა ელჩთან აპარატის საქმიანობის შესახებ ისაუბრა. ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მდგომარეობასა და იმ პრობლემებზე, რაც მოსახლეობას, მავთულხლართების ორივე მხარეს აწუხებს.

„დეტალურად განვიხილეთ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული ვითარება. ის პოლიტიკა, რომელიც რუსეთის მხრიდან ხორციელდება. გამოწვევები, რომლებიც მოსახლეობისათვის ჩნდება როგორც უსაფრთხოების, ისე ჰუმანიტარული თვალსაზრისით.

„ასევე ვისაუბრეთ იმ განგრძობით დახმარებაზე, რასაც იაპონია საქართველოს წლების განმავლობაში უწევს.  ელჩმა აღნიშნა, რომ იაპონიის პოზიცია, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, ურყევია. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მისი მხარდაჭერა, ჩართულობა და დახმარება საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ, გაგრძელდება.

„მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებების თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა სწორედ იმ გამოწვევების ჭრილში, რასაც განგრძობითი ოკუპაცია და გადაუჭრელი კონფლიქტი ქმნის. ჩვენი საუბრისას დიდი დრო დაეთმო გამყოფი ხაზების სიახლოვეს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობის განხილვას. განსაკუთრებით კი ყველაზე მოწყვლადი მოსახლეობის - გალის რაიონის ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მდგომარეობას,“ - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ქეთევან ციხელაშვილმა.

სახელმწიფო მინისტრმა  მადლიერება გამოხატა იაპონიის ხელისუფლებისა და სახელმწიფოს მიმართ და განაცხადა, რომ შეხვედრაზევე შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებზე.