ჟენევის დისკუსიების 42-ე რაუნდი გაიმართა

15 დეკემბერი 2017
12-13 დეკემბერს ჟენევაში საერთაშორისო დისკუსიების მორიგი - 42-ე რაუნდი გაიმართა. მუშაობა ორ - უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფებში წარიმართა. ჰუმანიტარულ ჯგუფს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა.

განსახილველ საკითხებს შორის კვლავ იყო ოკუპირებული ტერიტორიებზე მცხოვრები ქართველი მოსახლეობის უფლებების დარღვევების საკითხები, კერძოდ: ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვა, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა, უკანონო დაკავებები, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვა, მოსახლეობისთვის საკუთრ მიწებზე წვდომის უზრუნველყოფა და მავთულხლართების გავლების შედეგად ადგილობრივებისთვის შექმნილი პრობლემები. ასევე,  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის საკითხი.

დისკუსიის მონაწილეებმა საქართველოდან და აშშ-დან კიდევ ერთხელ დააყენეს გიგა ოთხოზორიას მკვლელის დაუყოვნებლივ დაკავებისკენ საკითხი.

ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფის ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი იძულებით გადაადგილებული პირების უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება იყო. თუმცა, საკითხის განხილვის დაწყებისთანავე რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებმა, ასევე მონაწილეებმა სოხუმიდან და ცხინვალიდან, შეხვედრა კვლავ დატოვეს.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ქართულმა მხარემ ყველა ის საკითხი წამოჭრა, რომელიც აქტუალურია. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გალისა და ახალგორის რაიონში მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის  მდგომარეობასა და იმ შეზღუდვებს, რომლებიც მათ მიმართ საკმაოდ  დისკრიმინაციული მიდგომითაა დაწესებული.

მისივე თქმით,  ხაზი გაესვა იმის  აუცილებლობას, რომ მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობები უნდა აღდგეს და გაფართოვდეს ის უკვე შეზღუდული შესაძლებლობები, რომლებიც ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის კვეთას უკავშირდება და რაც გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელია.

„ ბუნებრივია, საუბარი შეეხო ისეთ თემებს, რაც  ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მთავარი საყრდენი საკითხებია - ძალის გამოუყენებლობა, საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების ამოქმედების აუცილებლობა და დევნილთა დაბრუნების პროცესის დაწყება და ხელშეწყობა. ეს საკითხები დიდწილად 2008 წლის ექვს პუნქტიანი შეთანხმების შესრულების აუცილებლობას უკავშირდება. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ძალის არგამოყენების ვალდებულებასა და ასევე საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმებს, რომელიც პირველ - უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ჯგუფში განიხილებოდა და რომელიც სწორედ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განხორციელებას უკავშირდება.  მოგეხსენებათ, ქართულმა მხარემ თავისი ვალდებულებები თავიდანვე პირნათლად შეასრულა და  მთავარი საკითხი აქ ის ვალდებულებებია, რომელიც რუსეთს აქვს შესასრულებელი.

„ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი თემაა დევნილთა დაბრუნების საკითხი, რომელზეც სამწუხაროდ, არსებითი დისკუსიების გამართვა უკავშირდება ძალიან პოლიტიზირებულ მცდელობებს იმისას, რომ ასეთი დისკუსია არ შედგეს. მინდა მონაწილეებს მოვუწოდო, რომ ამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს ჯეროვანი ყურადღება დაეთმოს.

„შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ჰუმანიტარულ ჯგუფს ხელმძღვანელობს. მის ფარგლებში განიხილება დევნილთა დაბრუნებისა და ის ჰუმანიტარული საკითხები, რომლებიც გადაადგილების თავისუფლებას, სამეურნეო მიწებზე წვდომას, მოსახლეობის ძირითად უფლებებს, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობასა და საკუთრების უფლებას უკავშირდება. ჩვენ ჟენევის დისკუსიებზე არა მხოლოდ პრობლემებს ვაყენებთ, არამედ მოგვარების გზებზეც ვსაუბრობთ და მინდა სრულიად დარწმუნებით გითხრათ, რომ ნების არსებობის შემთხვევაში, ბევრ საკითხზე შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია, მითუმეტეს, რომ ამას ჩვენი პარტნიორები - თანათავმჯდომარეები და ამერიკის შეერთებული შტატები ძალიან ცდილობენ,“ - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

ჟენევის დისკუსიების შემდგომი - 43-ე რაუნდი 2018 წლის 27-28 მარტს გაიმართება.