"სამშვიდობო პროცესში საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დიპლომატიის როლი უნიკალურია"
15 დეკემბერი 2017
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა, კონფლიქტებზე და ქალთა საკითხებზე მომუშავე ექსპერტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს აპარატის 2017 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.
შეხვედრაზე შეაჯამეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და ინციდენტებზე პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 2016-2017 წლების საინფორმაციო შეხვედრები.
ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, იმ სფეროში, რომელსაც სახელმწიფო მინისტრის აპარატი კურირებს, საზოგადოების ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
„დღეს ვხვდები არასამთავრობო ორგანიზაციებს იმისათვის, რომ ჩვენი საქმიანობის ანგარიში ჩავაბარო და მომავალი საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გავაცნო. სამშვიდობო პროცესში საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დიპლომატიის როლი უნიკალურია და ამიტომაც ვფიქრობ, რომ ამ სეგმენტთან რეგულარული ინფორმაციის გაცვლა აუცილებელია.
„ვისაუბრებთ სამშვიდობო, შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე. იმ პროგრამებზე, რომლებსაც სახელმწიფო ანხორციელებს. განსაკუთრებით ბოლო წლის განმავლობაში განხორციელებულ სიახლეებსა და გეგმებზე.
„ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რა თქმა უნდა, ის გახლავთ, რომ საზოგადოებები, გამყოფი ხაზების ორივე მხარეს, დავაკავშიროთ. მოსახლეობას, რომელიც კონფლიქტის სიმძიმეს ყოველდღიურად განიცდის, დავეხმაროთ. მოგეხსენებათ, სახელმწიფო რამდენიმე წელია სპეციალური დახმარების პროგრამას ანხორციელებს. ეს ეხება მოსახლეობის უზრუნველყოფას გამოზამთრების საშუალებებით, განათლების უზრუნველყოფას და ა.შ. ეს დახმარებები გაგრძელდება " - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა და სახელმწიფო მინისტრმა მონაწილეებისთვის აქტუალურ კითხვებსაც უპასუხა.