შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, ლაშა დარსალია, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ შემუშავებული პოლიტიკის დოკუმენტის პრეზენტაციაზე - „ბორდერიზაცია საქართველოში: რუსეთის პოლიტიკის შეკავების სტრატეგია“, სიტყვით გამოვიდა. დოკუმენტში წარმოდგენილია რეკომენდაციები რუსეთის პოლიტიკის შეკავების სტრატეგიასთან დაკავშირებით. სახელმწიფო მინისტრის
მოადგილემ ღონისძიებას მნიშვნელოვანი უწოდა და განაცხადა, რომ მსგავსი ტიპის განხილვები ყოველთვის საჭიროა.
„ბორდერიზაციაში მავთულხლართების გავლება და ხელოვნური ბარიერების შექმნა იგულისხმება. სახელმწიფო პოლიტიკა ორი მნიშვნელოვანი მიმართულებისაგან შედგება - ერთი დეოკუპაციის პოლიტიკაა, რომელიც საქართველო-რუსეთის ფედერაციის ურთიერთობას გულისხმობს და მეორეა ურთიერთობა უშუალოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებთან. ესაა ის პოლიტიკა, რომლის მთავარი მიზანიც ჰუმანიტარული საკითხების მოგვარება და ურთიერთობის აღდგენა / განახლებაა ოკუპირებულ ტერიტორიებსა და დანარჩენ საქართველოს შორის,“ - განაცხადა ლაშა დარსალიამ.
ღონისძიებაზე აუდიტორიას სიტყვით ასევე მიმართეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ანალიტიკოსმა, პოლიტიკის დოკუმენტის თანაავტორმა ლევან კახიშვილმა და საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ქეთი ჭუმბაძემ.