ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მორიგი, რიგით 83-ე შეხვედრა გაიმართა. განხილულ თემებს შორის იყო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, ხელოვნური ბარიერების შედეგად გამოწვეული დაბრკოლებები, ადგილზე სიტუაციის სტაბილიზაციისათვის ხელის შეშლა, ბოლო შეხვედრიდან დღემდე დაფიქსირებული ინცინდენტები და ა.შ.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიერ წამოიჭრა საკითხი სამხედრო წვრთნებისა და სხვა სამხედრო ქმედებების შესახებ ინფორმაციის წინასწარ მოწოდების თაობაზე.
ქართულმა მხარემ ყურადღება ახალგორში გაუჩინარებული, ხოლო მოგვიანებით გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის, დავით ბაშარულის საქმის გამოძიებისა და ოჯახისათვის საქმის მასალების მიწოდების აუცილებლობაზე გაამახვილა.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა 2018 წლის 24 იანვარს გაიმართება.
2009 წლის თებერვალში, ჟენევის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდზე მიღწეულ იქნა შეთანხმება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შექმნის შესახებ როგროც აფხაზეთის, ისე სამხრეთ ოსეთის მიმართულებით.
აღნიშნული ფორმატის მთავარი მიზანს ადგილზე ყოველდღიური ინციდენტების განხილვა და ოპერატიული რეაგირების უზრუნველყოფა წარმოადგენს.
IPRM-ს შეხვედრებს თანათავმჯდომარეობენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი საქართველოში და გაეროს/ეუთოს წარმომადგენლები. შეხვედრაზე ქართულ მხარეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი წარმოადგენენ.