ქეთევან ციხელაშვილი: „კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით საქართველოს ხელისუფლებას გააჩნია მშვიდობიანი, მწყობრი, პრაგმატული და პრინციპული პოლიტიკა, რომელიც ქვეყნის გამთლიანებასა და განვითარებაზეა ორიენტირებული„
20 დეკემბერი 2017
კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით საქართველოს ხელისუფლებას გააჩნია მშვიდობიანი, მწყობრი, პრაგმატული და პრინციპული პოლიტიკა, რომელიც ქვეყნის გამთლიანებასა და განვითარებაზეა ორიენტირებული- ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა საქართველოს პარლამენტის 4 გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე გაწეული მუშაობის ანგარიშისა და სამომავლო ხედვის წარდგენისას განაცხადა.
ქეთევან ციხელაშვილმა სხდომაზე ისაუბრა სამშვიდობო პოლიტიკის პრიორიტეტებსა და ამოცანებზე, რაზეც კონკრეტული ქმედებები და ინიციატივებია დაფუძნებული: მშვიდობა და მშვიდობის უზრუნველყოფა; დეოკუპაცია, ნდობის მშენებლობა- შერიგება აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან, საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობა; კონფლიქტით დაზარალებულ ადამიანებზე ზრუნვა; ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის სახელმწიფოებრივ სივრცეში მეტი მომსახურებისა და შესაძლებლობის შეთავაზება; ევროკავშირთან და სხვა პარტნიორებთან თანამშრომლობისა და დაახლოების ფორმატებიდან გამომდინარე ახალი შესაძლებლობების და სარგებლოს გაზიარება, სამშვიდობო პოლიტიკის ამოცანებისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის მობილიზება.
„აშკარაა, რომ არსებული სიტუაცია არც ქართველების, არც ოსებისა და არც აფხაზების ინტერესებში არაა, სწორედ ამიტომ, ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში ჩვენ ვდგამთ მათი საჭიროებების და ინტერესების თანმხვედრ ნაბიჯებს. ჯანდაცვის და განათლების მიმართულებებით მნიშვნელოვანი პოზიტიური ნაბიჯები გადავდგით, ასევე აღსანიშნავია დახმარება, რომელიც სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, გარემოს და მცენარეთა დაცვის მიმართულებით გავწიეთ“, - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა
მან ხაზი გაუსვა ბოლო წლების განმავლობაში, სხვადასხვა პროფესიულ ჯგუფებს შორის დაგროვილი პოზიტიური თანამშრომლობის გამოცდილებას. ასევე, ბოლო წლების განმავლობაში, უკანონო პატიმრების გათავისუფლებას სოხუმისა და ცხინვალის საპატიმროებიდან. მათ შორის ხანგრძლივი უკანონო პატიმრის, გიორგი გიუნაშვილის, რომლის გათავისუფლების საკითხში ჩართული ყველა პირისა და მხარის ძალისხმევა სახელმწიფო მინისტრმა დადებითად შეაფასა.
ქეთევან ციხელაშვილმა ასევე ისაუბრა გამყოფი ხაზების მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის დახმარების პროგრამაზე. მისი თქმით, „განსაკუთრებით პრიორიტეტულია სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში იმ ადამიანებზე ზრუნვა, ვისთვისაც მიმდინარე ოკუპაცია და გადაუჭრელი კონფლიქტი ყოველდღიურ გამოწვევად იქცა. საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ გვერდში დაუდგეს იმ ადამიანებს, რომლებიც გამოწვევებს მართლაც გმირულად, მოთმინებით უმკლავდებიან“.
ქეთევან ციხელაშვილმა აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან დიალოგის გაფართოებისა და პოლიტიზირების გარეშე, ჰუმანიტარული პრინციპების გათვალისწინებით პრაგმატულ გამოსავლებზე მსჯელობის მზაობა გამოხატა და ამ მიმართულების შემუშავებული ახალი ინიციატივების შესახებ განაცხადა: „ჩვენ შევიმუშავეთ ახალი, კონკრეტული ინიციატივები და წინადადებები გამყოფ ხაზების ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებისა და ინტერესებისათვის: ვაჭრობის წახალისება გამყოფი ხაზების გასწვრივ, განათლების ხელმისაწვდომობის ზრდა და წვდომა იმ სიკეთეებზე რომელთაც ჩვენი სახელმწიფო ქმნის “.
სახელმწიფო მინისტრის გამოსვლა ასევე დაეთმო სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკას, რაც მინისტრის აპარატის საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა და თანასწორობის პრინციპს ეფუძნება. ეს გულისხმობს სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკას - თითოეული მოქალაქის, ჯგუფის იდენტობის თვითმყოფადობისა და უფლებების დაცვას და ასევე მათ სრულფასოვან, ღირსეულ ჩართულობას საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში.