ქეთევან ციხელაშვილი: „ქვეყნის გამთლიანების ხედვა პირველ რიგში ჩვენი ხალხის შერიგებასა და ერთმანეთთან დაბრუნებას გულისხმობს“

21 დეკემბერი 2017
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან  ციხელაშვილმა ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ახალ ინიციატივებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ აღნიშნული ნაბიჯების გადადგმა სამშვიდობო პროცესს მნიშვნელოვნად წასწევს წინ.

„მოგეხსენებათ, რომ ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ჩართულობისა და შერიგების პოლიტიკაა. ქვეყნის გამთლიანების ხედვა პირველ რიგში ჩვენი ხალხის შერიგებასა და ერთმანეთთან  დაბრუნებას გულისხმობს. ბუნებრივია, იმ პროცესების ფონზე, რომელსაც ადგილი აქვს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში, მავთულხლართების არსებობის პირობებში, როდესაც ადამიანებს ძალიან მძიმე პრობლემები ექმნებათ ჰუმანიტარული, სოციალურ-ეკონომიკური და უსაფრთხოების კუთხით, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი ნაბიჯების გადადგმა რომლებიც მოსახლეობის ჰუმანიტარულ და პრაგმატულ ინტერესებს ეხმიანება  და მიზნად მათი მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავს.

„ის ინიციატივები, რომლებზეც პრემიერი საუბრობდა, ნამდვილად არის მიმართული იქითკენ, რომ დამატებითი შესაძლებლობები შეიქმნას. თუნდაც ვაჭრობის კუთხით, გამყოფი ხაზების გასწვრივ, რაც ადგილობრივი მოსახლეობისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს დღესაც მიმდინარეობს, მაგრამ ძალიან ბევრი შეზღუდვით. ჩვენი ამოცანაა ეს პროცესი წავახალისოთ, რაც გადაადგილების გამარტივებასთანაც არის დაკავშირებული.

„ეს ინიციატივები ასევე ეხება განათლების სფეროს, რაც ახალგაზრდებისათვის ძალიან საინტერესოა  და გულისხმობს ხარისხიან განათლებაზე წვდომას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ. ახალგაზრდობის ბედი, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდების ბედი, ჩვენთვის სულერთი ვერ იქნება, რადგან ესაა ის თაობა, რომელმაც ერთად უნდა იცხოვროს და ერთი ქვეყანა ააშენოს.

„ასევე,ინიციატივები გულისხმობს სხვადასხვა სერვისზე წვდომის გამარტივებას. მაგალითად საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის გამარტივებას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისათვის, რომლებიც უვიზო მიმოსვლით არიან დაინტერესებულნი. ამ პაკეტს პარლამენტში განსახილველად მალე წარმოვადგენთ,“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.