შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის 2017 წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა.
ქეთევან ციხელაშვილმა იმ საქმიანობაზე ისაუბრა, რასაც სკოლა ახორციელებს. განაცხადა, რომ ეს არის ის უწყება, ის მექანიზმი, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ეთნიკური უმცირესობების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის განმტკიცებასა და განხორციელებას, როგორც სახელმწიფო ენის ფლობის ამაღლების, ასევე პროფესიული განათლების მიმართულებით.
„თქვენ იცით, რომ ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება სახელმწიფო ენის ცოდნის საკითხი, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს მათ სრულფასოვან მონაწილეობას ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
„შესაბამისად, „სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგია და 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმა“ სახელმწიფო ენის ცოდნას განიხილავს, როგორც სამოქალაქო ინტეგრაციის ერთ-ერთ ძირითად ინსტრუმენტს და მიმართულია ქართული ენის ცოდნის დონის ამაღლებისაკენ, სადაც საკვანძო როლი და ფუნქცია ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას აკისრია,“ - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
მისივე თქმით, მისასალმებელია სკოლის რეგიონული ცენტრებისა და მობილური ჯგუფების რაოდენობის ზრდაც, რაც ცალსახად მიანიშნებს სახელმწიფო ენის შესწავლის მსურველთა რაოდენობის ზრდაზეც.
„მაქვს ინფორმაცია, რომ სახელმწიფო ენის შემსწავლელ პროგრამაში ჩართულნი არიან არაქართულენოვანი სკოლების უფროსკლასელებიც. ის ახალგაზრდები, რომლებიც უმაღლესი განათლების მისაღებად ემზადებიან. ეს მე ძალიან მახარებს და ვხედავ, რომ მათი მხრიდან ინტერესი დიდია. ისინი აცნობიერებენ სახელმწიფო ენის ჯეროვნად ფლობის მნიშვნელობას, რაც თავის მხრივ მათი შესაძლებლობების რეალიზების, სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი წინაპირობაა,“ - დასძინა ქეთევან ციხელაშვილმა.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ განათლების და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე და ა.შ.