ლაშა დარსალია: „ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს ეძლევათ შესაძლებლობა თავიანთ თემში არსებული პრობლემატიკა წარმოაჩინონ“

25 დეკემბერი 2017
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია ეთნიკურ უმცირესობათა ჩართულობის მიზნით შექმნილი საზოგადოებრივ-საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.

სხდომაზე მიმოიხილეს 2017 წელს ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებში განხორციელებული და 2018 წლისთვის  დაგეგმილი ინფრასტრუქტურული, კულტურული და სპორტული  პროექტები; ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებში სახალხო დამცველის მიერ გამოვლენილი პრობლემები; განათლების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული რეკომენდაციები  და ა.შ.

ლაშა დარსალიამ საბჭოს საქმიანობას მნიშვნელოვანი უწოდა და განაცხადა, რომ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი უშუალოდ ახორციელებს ეთნიკური უმცირესობების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის კოორდინირებას და აღნიშნულ საქმიანობაში აქტიურადაა ჩართული.

მისი თქმით, ეთნიკურ უმცირესობათა მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების მნიშვნელოვან ინსტრუმენტს „სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგია და 2015-2020 წწ. სამოქმედო გეგმა“ წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ჩართულობის გაუმჯობესების მიზნით, ფუნქციონირებს აღნიშნული საბჭო. აღნიშნა, რომ სახელმწიფო პოლიტიკის მიზანია უზრუნველყოს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ჩართულობა საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში.

„ეს შეხვედრა არის კარგი შესაძლებლობა, ერთგვარი პლატფორმა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთათვის, რამეთუ მათ ეძლევათ შანსი გუბერნიის დონეზე წარმოაჩინონ თავიანთ თემში არსებული პრობლემატიკა და ამასთანავე ერთად ვიმსჯელოთ მათი გადაჭრის გზებზე.

„მინდა რეკომენდაციით მოგმართოთ და ამავდროულად გთხოვოთ კიდეც, რომ საბჭოს სხდომებში მაქსიმალურად ჩავრთოთ თავად ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებიც. ვიცი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობების, არასამთავრობო სექტორისა და სხვა სფეროს წარმომადგენლები ისედაც მონაწილეობენ, მაგრამ რიგითი მოქალაქეების ჩართულობა, დამეთანხმებით, არანაკლებ მნიშვნელოვანია.

„თქვენ იცით, რომ სამოქალაქო ინტეგრაციის ძირითადი ინსტრუმენტი - სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ცალკე ამოცანად ისახავს მცირერიცხოვანი და მოწყვლადი ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის გაუმჯობესებას, შესაბამისად მნიშვნელოვანია მათი ამ ფორმატშიც მონაწილეობა,“ - განაცხადა დარსალიამ.

აქვე მან თანამშრომლობის გააქტიურებისა და რეგიონის მასშტაბით დაგეგმილ ღონისძიებებში კიდევ უფრო მეტი ჩართულობის თაობაზე მზადყოფნა გამოთქვა.

სხდომაზე სიტყვით ასევე გამოვიდნენ ქვემო ქართლის გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე; განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური; რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი        ირაკლი  ტაბაღუა;  წალკის მუნიციპალიტეტის მერი   ილია საბაძე; ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი  დავით შერაზადიშვილი;  დმანისის მუნიციპალიტეტის მერი  გიორგი ტატუაშვილი; გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე  დუნიამალი გაჯიევი; მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი  თემურ აბაზოვი;  თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი  გიორგი ქორიძე და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.