შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საქართველოსა და აფხაზეთის ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწის, სვეტლანა ქეცბას დაკრძალვას დაესწრო.
მან საზოგადო მოღვაწის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა და განაცხადა, რომ სვეტლანა ქეცბამ, საქართველოსა და აფხაზეთის ხელოვნების დამსახურებულმა მოღვაწემ, ღირსებისა და წმინდა გიორგის ოქროს ორდენების კავალერმა, აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის თავმჯდომარემ, დიდი წვლილი შეიტანა ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენის საქმეში.
„სვეტლანა ქეცბას გარდაცვალება დიდი დანაკლისია. ძალიან დააკლდება საზოგადოებას, რომლისთვისაც მისი საქმიანობა, მისი მოღვაწეობა ძვირფასია. მან თავისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის დიდი ნაწილი ქართულ-აფხაზური ურთიერთობის აღდგენას მიუძღვნა. რა თქმა უნდა, ეს ძალიან დასაფასებელია.
„დარწმუნებული ვარ, ქალბატონი სვეტლანას მისწრაფება ქართველებისა და აფხაზების შერიგებისა და ჩვენ შორის ჩატეხილი ხიდების აღდგენისაკენ, ღირსეულ გაგრძელებას მომავალ თაობებშიც პოვებს და აუცილებლად დასრულდება წარმატებით - შერიგებითა და ნდობის აღდგენით. კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო მის ოჯახს, ახლობლებსა და თანამშრომლებს. იგი დიდი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობდა“,- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.