ქეთევან ციხელაშვილი „სურბ გევორქის“ საკათედრო ტაძარში შობისა და ნათლისღების დღესასწაულებისადმი მიძღვნილ საღმრთო ლიტურგიას დაესწრო

6 იანვარი 2018
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი „სურბ გევორქის“ საკათედრო ტაძარში შობისა და ნათლისღების დღესასწაულებისადმი მიძღვნილ საღმრთო ლიტურგიას დაესწრო და მრევლს დღესასწაულები მიულოცა. 

სახელმწიფო მინისტრის თქმით, სომეხ თანამოქალაქეებს, თავიანთი განსაკუთრებული კულტურითა და ტრადიციებით, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაში.  

"მინდა სომეხთა წმინდა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს, ჩვენ სომეხ თანამოქალაქეებს შობისა და ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულები მივულოცო. ყველა ოჯახს ვუსურვებ, რომ ეს დღესასწაულები ყოფილიყოს სიმშვიდის, ბედნიერებისა და სიხარულის მომტანი.

„ჩვენი სახელმწიფო თანასწორობის პრინციპს ეფუძნება. მთავარი ამოცანა ის გახლავთ, რომ თითოეული მოქალაქე, განურჩევლად ეთნიკური თუ რელიგიური წარმომავლობისა, ჩვენ საერთო სამშობლოში იყოს თანასწორი, სრულად რეალიზებული და ქვეყნის ცხოვრებაში მაქსიმალურად ჩართული.

„ვფიქრობ, რომ დღეს ჩვენი სახელმწიფო ნამდვილად ეფუძნება იმ ტრადიციებს, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა და რაც ყველას ძალიან გვეამაყება. ესაა ჩვენი ქვეყნის მრავალფეროვნება და მრავალკულტურულობა. დღეს ვდგამთ ნაბიჯებს, რომლებიც იქითკენაა მიმართული, რომ სხვადასხვა რელიგიური აღმსარებლობის წარმომადგენლები და ეთნიკური ჯგუფები მაქსიმალურად თანასწორად იყვნენ ჩართულნი ქვეყნის ცხოვრების ყველა სფეროში.

„ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით უკვე ხელშესახები პროგრესი გვაქვს. ბუნებრივია, ქვეყანა წინ მიდის და გვაქვს იმის ამბიცია, რომ უკეთესნი ვიყოთ, კიდევ უფრო დავუახლოვდეთ ევროპულ სტანდარტებს. მგონია, რომ ერთობლივად მივაღწევთ და გვექნება ისეთი საზოგადოება, რომლითაც ყველა ვიამაყებთ და სადაც ჩვენი მრავალფეროვნება არის ჩვენი განვითარებისა და გაძლიერების წყარო. რა თქმა უნდა, ამაში წვლილი თითოეულმა მოქალაქემ უნდა შეიტანოს,“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.