შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია სერგო ფარაჯანოვის სახელობის შემოქმედებითი კონკურსის შემაჯამებელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა.
კონკურსი „ქართველ სომეხთა კავშირის“ ორგანიზებით, საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ფოტოხელოვან იური მეჩითოვთან თანამშრომლობით გაიმართა. მისი მიზანი შემოქმედებითი განვითარების კუთხით ახალგაზრდა თაობის წახალისება და თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის, სერგო ფარაჯანოვის შემოქმედების შესახებ ცნობიერების ამაღლება იყო.
ღონისძიებაზე კონკურსში მონაწილეთა ნამუშევრების გამოფენა და გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა.
ლაშა დარსალიას თქმით, სახელმწიფო მინისტრის აპარატი ყოველთვის მხარს უჭერს სამოქალაქო ინიციატივებს, რაც ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის კულტურული მრავალფეროვნების, უნიკალური სიმდიდრის წარმოჩენას, პოპულარიზაციასა და მის დაცვას.
„ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ სომეხი ხალხის ამ გამორჩეული შვილის ცხოვრება და შემოქმედება მჭიდროდ იყო თბილისთან და საქართველოსთან დაკავშირებული. სწორედ კულტურა და კულტურული ურთიერთობები განსაზღვრავდა ჩვენი ხალხების მრავალსაუკუნოვან მეგობრობას და ეს არ არის მხოლოდ ისტორია, ეს არის ჩვენი თანამედროვეობაც. სერგო ფარაჯანოვის შემოქმედება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი ხალხისათვის, ჩვენი კულტურისათვის, არამედ მთელი მსოფლიოსათვის,“ - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ.
მან „ქართველ სომეხთა კავშირს“ ღონისძიების გამართვისათვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის, ასევე საქართველოსა და სომხეთს შორის საზოგადოებრივი და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების განვითარებისა და გაძლიერებისთვის.
„ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი მიმართულება უმცირესობებთან ურთიერთობაა და ამ პოლიტიკას ორი მნიშვნელოვანი კუთხე აქვს - ინტეგრაცია და მრავალფეროვნების წარმოჩენა. იმ კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება და განვითარება, რაც უმცირესობებს გააჩნიათ. ჩვენი ქვეყნისათვის ეს მრავალფეროვნება არის ყველაზე დიდი მონაპოვარი, რაც გაგვაჩნია და რასაც შემდგომი განვითარება უნდა“, - დასძინა სახელმწიფო მინისტრმა.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდა სომხეთის სრულუფლებიანი ელჩი
საქართველოში რუბენ სადოიანი.