შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი განათლების მინისტრთან, მიხეილ ჩხენკელთან ერთად 218-ე ქართულ-აზერბაიჯანულ საჯარო სკოლას ესტუმრა, სადაც აზერბაიჯანული სექტორის VII კლასში ქართულის, როგორც მეორე ენის გაკვეთილს დაესწრო. მოგვიანებით კი აზერბაიჯანული სექტორის IX-X-XI კლასების მოსწავლეებს შეხვდა და კონკურსის ,,ჩემი პირველი ქართული როლი“ გამოცხადება ამცნო.
ქართულენოვანი სპექტაკლების კონკურსი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, სახელმწიფო ენის პოპულარიზაციის მიზნით საქართველოს არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სექტორების მოსწავლეებისთვის გამოცხადდა. სპექტაკლები შეიძლება ნებისმიერი ლიტერატურული ნაწარმოების, ან საკუთარი სცენარის მიხედვით დაიდგას.
კონკურსის მიზანია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეებისთვის სახელმწიფო ენაზე სამეტყველო კომპეტენციების განვითარება, შემოქმედებითი უნარების გამოვლენა. სპექტაკლის მომზადების პროცესში მაქსიმალურად უნდა იყოს უზრუნველყოფილი მოსწავლეთა ჩართულობა ისეთ აქტივობებში როგორიცაა სცენარის დამუშავება, რეჟისურა, მუსიკალური გაფორმება და სხვა.
ჟიური სამ გამარჯვებულს გამოავლენს. I, II, III ადგილზე გასული გუნდების წასახალისებლად სკოლები მიიღებენ ფულად პრიზს 3000, 2000, 1000 ლარის ოდენობით.
ქეთევან ციხელაშვილმა მოსწავლეებს სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ აღნიშნული კონკურსი არაჩვეულებრივი შანსია მათი შესაძლებლობების წარმოსაჩენად.
„სკოლაში სტუმრობა ყოველთვის ძალიან მიხარია, რადგან ვფიქრობ, რომ აქ ჩვენი საზოგადოების საუკეთესო წარმომადგენლებს ვხვდები. თქვენ ხართ თაობა, რომელმაც ძალიან მალე ამ ქვეყნის განვითარებაზე ზრუნვა უნდა გადაიბაროს. სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ ყველას ძალიან გვინდა მომავალში კიდევ უფრო უკეთეს საქართველოში ვცხოვრობდეთ, სადაც კიდევ უფრო მშვიდი გარემო და განვითარების მეტი შესაძლებლობა იქნება, დღეს ნაბიჯები უნდა გადავდგათ.
„ჩვენი ამოცანა ისაა, რომ თითოეული მოქალაქე, განურჩევლად მისი ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა, თანასწორი იყოს და თანაბრად იყოს ჩართული ნებისმიერ სასურველ სფეროში. ამისათვის რამდენიმე წინაპირობა არსებობს და ყველაზე მთავარი ალბათ ხარისხიანი განათლებაა. სწორედ ამიტომ, ჩვენ სახელმწიფოს ოთხი ძირითადი პრიორიტეტი აქვს მონიშნული და განათლება ერთ-ერთი მთავარი და სტრატეგიული მიმართულებაა. ყველაზე უფრო სწორი ინვესტიცია, ყველაზე დიდი სიმდიდრე ალბათ ესაა, რომელსაც ვერავინ წაგართმევთ და რომელიც წარმატების წინაპირობაა.
„წარმატების კიდევ ერთი წინაპირობა ისაა, რომ მშობლიურ ენასთან ერთად ფლობდეთ სახელმწიფო ენას, რათა ხარისხიანი განათლების შესაძლებლობა გქონდეთ. პედაგოგების, მშობლების ჩართულობა აუცილებელია, რათა ბავშვებმა ჯეროვნად შეისწავლონ ქართული ენა. ჩვენი ამოცანაა ამ პროცესს ხელი მაქსიმალურად შევიწყოთ არა მხოლოდ თბილისში, არამედ საქართველოს რეგიონებშიც, სადაც სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ჩვენი თანამოქალაქეები მჭიდროდ არიან ჩასახლებულები,“ - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.