შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ქისტი განმანათლებლისა და სასულიერო მოღვაწის, მათე ალბუთაშვილის დაბადებიდან 155 წლისთავისადმი მიძღვნილ ხსოვნის საღამოზე სიტყვით გამოვიდა.
ღონისძიებას, რომელიც სახელმწიფო მინისტრის აპარატის, ქალთა კავშირ „კავკასიელ ქალთა კონგრესის“ ორგანიზებითა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით გაიმართა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.
სახელმწიფო მინისტრმა სტუმრებსა და ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისთვის ყოველთვის საინტერესოა ისეთ ადამიანზე საუბარი, როგორიც მათე ალბუთაშვილია, ვინაიდან იგი იყო პირველი ქისტი განმანათლებელი, მწერალი, ფოლკლორისტი, საზოგადო მოღვაწე და დიდი წვლილი აქვს შეტანილი არა მხოლოდ ქისტი ხალხის ცხოვრებაში, არამედ ზოგადად, ქვეყნის განვითარებაში. მისივე თქმით, მსგავსი ღონისძიებები ასეთი ადამიანების კიდევ უფრო მეტად პოპულარიზაციას უწყობს ხელს.
„ჩემი უწყებისათვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მოგეხსენებათ, სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკას კოორდინირებას ვუწევთ და ეს პირველ რიგში იმას გულისხმობს, რომ თითოეული მოქალაქე, თითოეული ეთნიკური ჯგუფი ჩვენ ქვეყანაში იყოს დაცული, ჰქონდეს კულტურის, ღირებულებების შენარჩუნებისა და განვითარების შესაძლებლობა და ეს პირობა და მზაობა სახელმწიფოს მხრიდან, მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ მომავალში აუცილებლად გაგრძელდება.
„ადამიანებს და ზოგადად ჩვენ ქვეყანას, გამოწვევებთან გამკლავება უწევს და მინდა იმედი და დარწმუნება გამოვთქვა, რომ გამოწვევებს ერთად, ღირსეულად გავუმკლავდებით. მთელი ჩვენი ძალისხმევა მომავალში მიმართული იქნება იქითკენ, თუ რა შევმატოთ ამ საზოგადოებას, როგორ წავწიოთ წინ ამ წარსულისა და იმ ადამიანების ღვაწლის გახსენებით, ვინც ამას ღირსეულად აკეთებდა. მათი მაგალითის კვალდაკვალ კი ჩვენ ჩვენი უნდა შევძლოთ.
„ჩვენი სახელმწიფო უწყება მუშაობს პანკისის ხეობის განსავითარებლად და ნამდვილად აქვს ამბიციური გეგმა მისი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, რადგან გვგონია, რომ ამ ხეობას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, რომელიც მომავალში უნდა გაიშალოს.
„რა თქმა უნდა, რაც შეიძლება მეტი შესაძლებლობა უნდა მიეცეთ ახალგაზრდებს, რათა მათ ხარისხიანი განათლება ჰქონდეთ და კარგად იცნობდნენ თავიანთ წარსულს, რაც მომავლის საწინდარია. ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად მივცეთ მათ ყველაფერი, რაც სხვა ადამიანებისთვისა ხელმისაწვდომი და რასაც საკუთარი თავისთვისაც და სამშობლოსთვისაც უკეთ გამოიყენებენ,“ - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ პანკისიდან ჩამოსული ქისტი უხუცესები, ქისტ ქალთა საბჭოს წევრები, მწერლები, საზოგადო მოღვაწეები და სტუდენტები.
ღონისძიებაზე ისაუბრეს მათე ალბუთაშვილზე, როგორც ეთნოგრაფზე, მწერალზე და პუბლიცისტზე. საზოგადოებას მისი წიგნიც წარუდგინეს.
ორ დღიანი ღონისძიება 31 იანვარს მოსწავლეთა კონფერენციით გაგრძელდება თემაზე „მათე ალბუთაშვილის ბიოგრაფიული შტრიხები და შემოქმედება: პანკისის ხეობა დროისა და სივრცის ჭრილში“.