შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, ერიკ ჰოგს შეხვდა და საქართველოს სამშვიდობო და ჩართულობის პოლიტიკაზე ისაუბრა. მინისტრმა სტუმარს ის ნაბიჯები გააცნო, რომელთაც საქართველო სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში დგამს და სამომავლოდ დაგეგმილ საქმიანობაზეც მიაწოდა ინფორმაცია.
შეხვედრაზე ქეთევან ციხელაშვილმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული სიტუაციაც მიმოიხილა - ის სირთულეები და გამოწვევები, რომელთან გამკლავება მოქალაქეებს გამყოფი ხაზის ორივე მხარეს უწევთ. დეტალურად აღუწერა ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები.
საუბარი ასევე შეეხო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობასა და მნიშვნელობას. მხარეებმა ფუნქციონალური თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს და სამომავლოდ გადასადგმელი ნაბიჯები დაგეგმეს.