ქეთევან ციხელაშვილი: „მივიღეთ მკაფიო გზავნილები, რომ ევროკავშირი ცალსახად იზიარებს ჩვენს სამშვიდობო პოლიტიკას და მომავალშიც მხარს დაუჭერს ნაბიჯებს, რომელთა გადადგმასაც საქართველოს მთავრობა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში აპირებს“

5 თებერვალი 2018
„ევროკავშირი ძალიან მყარად უჭერს მხარს საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკას, კერძოდ,  ჩართულობის და შერიგების მიმართულებებს,  რომელიც მიზნად ისახავს  ადამიანებისთვის ჰუმანიტარული მდგომარეობის შემსუბუქებას. მასში მოიაზრება დევნილები, რომელთა დაბრუნების უფლება დღემდე უგულვებელყოფილია; ადამიანები,  როლებიც ცხოვრობენ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და ისინი,  ვინც  აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ცხოვრობენ  და ყოველდღიურად უწევთ ძალიან მძიმე გამოწვევებთან გამკლავება“ -  განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ბრიუსელში გამართული საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის  შეფასებისას. 

სახელმწიფო მინისტრის თქმით, „ჩვენი შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ სწორედ ამ ადამიანების მდგომარეობა გააუმჯობესოს, წაახალისოს ხალხთა შორის კონტაქტები ხელოვნური დაბრკოლებების გასწვრივ,  შეუწყოს ხელი დიალოგს და  ნდობის მშენებლობის პროცესს“.

ქეთევან ციხელაშვილმა ევროკავშირის მხრიდან გამოთქმულ მხარდაჭერას გაუსვა   ხაზი: „მივიღეთ ძალიან მკაფიო გზავნილები, რომ ევროკავშირი ცალსახად იზიარებს  ჩვენს  სამშვიდობო პოლიტიკას და  მომავალშიც მხარს დაუჭერს იმ ნაბიჯებს, რომელთა გადადგმასაც საქართველოს მთავრობა   შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში აპირებს.“

საქართველო-ევროკავშირის  საბჭოს სხდომაზე მიმოხილული იქნა ყველა ის მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც  საქართველოს ევროინტეგრაციის და ასოცირების დღის წესრიგს განსაზღვრავს. ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო არის პარტნიორი ქვეყანა, რომელიც გამორჩეულია რეგიონში მისი ევროინტეგრაციის ტემპიდან და დინამიკიდან გამომდინარე.

„საქართველოს თავად გააჩნია ძალიან ამბიციური გეგმა და რომ ეს პროცესი კიდევ უფრო ღრმა და ყოვლისმომცველი გახდეს მომავალში და ვფიქრობთ რომ თანამშრომლობისთვის არსებობს დამატებითი ასპარეზი.

უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის ნაწილში დეტალურად იქნა განხილული საქართველოს ტერიტორიების მიმდინარე ოკუპაცია  - მთავარი პრობლემა, რომელიც დღეს საქართველოს  უსაფრთხოების თვალსაზრისით გააჩნია და ეს არის ასევე გამოწვევა ევროპული უსაფრთხოებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვაქვს მტკიცე  მხარდაჭერა ევროკავშირის მხრიდან ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საკითხში“,  - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.