ქეთევან ციხელაშვილი: „1918 წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებისას, მისმა დამაარსებელმა მამებმა, ფაქტობრივად თავიდანვე დაიწყეს იმაზე ზრუნვა, რომ უნივერსიტეტში შესაძლებელი ყოფილიყო აფხაზური და ოსური ენების შესწავლა“

8 თებერვალი 2018
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.

სახელმწიფო მინისტრის თქმით, მისთვის, როგორც თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის, ეს დღე ორმაგად  ამაღელვებელი და სასიხარულოა.

„დღეს საქართველოს მთავარი განათლების ტაძრის 100 წლის იუბილეა, რომელმაც არაერთი თაობა აღზარდა. ის არის არა მხოლოდ განათლების, არამედ საქართველოს კულტურის, იდენტობის, ეროვნულობის სიმბოლოა და ამ საიუბილეო თარიღს ყველას ვულოცავ. მინდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მომავალშიც ვუსურვო წარმატებები და იმ დიდი ფუნქციის შესრულების გაგრძელება, რომელსაც ერთი საუკუნის განმავლობაში, ძალიან რთულ წლებში ასრულებდა.

„დღეს გავიხსენეთ ისიც, რომ 1918 წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებისას, მისმა დამაარსებელმა მამებმა, ფაქტობრივად თავიდანვე დაიწყეს იმაზე ზრუნვა, რომ უნივერსიტეტში შესაძლებელი ყოფილიყო აფხაზური და ოსური ენების შესწავლა. დღეს კი  უნივერსიტეტმა დააფუძნა აფხაზური ენისა და კულტურის  ინსტიტუტი, რომელიც სიმბოლური გამოხმაურებაა ერთი საუკუნის წინ გადადგმული ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯისა, რაც დღესაც ჩვენი სახელმწიფოს პრიორიტეტს წარმოადგენს. მოგეხსენებათ, აფხაზური ენის განვითარების სპეციალური პროგრამაც გვაქვს.

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ამ და ყველა სხვა მიმართულებით, რაც საქართველოსა და ქართველი ერის განათლებას უკავშირდება, მომავალშიც ძალიან მნიშვნელოვანი სიმბოლო იქნება,“ – აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, საქართველოს პრემიერი-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და ა.შ.

მოგეხსენებათ, კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი, რომელმაც ქართულ ენაზე სწავლებითა და ქართული საგანმანათლებლო ტრადიციების გათვალისწინებით, საქართველოში ევროპული ტიპის უმაღლეს სკოლას ჩაუყარა საფუძველი, 1918 წლის 8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს გაიხსნა.

თსუ-ს  იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები 2017 წლის დეკემბერში დაიწყო და მთელი მომდევნო წლის განმავლობაში გაგრძელდება. დღეს ცენტრალური შენობის ფოიეში თსუ-ს გერბი ოფიციალურად გაიხსნა. გაიმართება გალა-კონცერტი მსოფლიოს საოპერო ვარსკვლავების, ფოლკლორული ანსამბლებისა და სუხიშვილების საბალეტო დასის მონაწილეობით.

უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით საიუბილეო დროშები გამოიფინა თბილისის ცენტრალურ ქუჩებში, საქართველოს პარლამენტის შენობაზე და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში; უნივერსიტეტის ფერებში საზეიმოდ განათდება  უნივერსიტეტის შენობის ფასადი, მშვიდობის ხიდი და თბილისის ანძა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით რამდენიმე გამოფენა გაიმართება, მათ შორის წარმოდგენილი იქნება პირველი საუნივერსიტეტო წიგნის, უნივერსიტეტის ისტორიის და თსუ-ს არქეოლოგიური ექსპედიციების აღმოჩენების ექსპოზიციები.

ღონისძიებებში მსოფლიოს 50-მდე ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების დელეგაციები, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას.