შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარეს, ევროპარლამენტის წევრს რებეკა ჰარმსს შეხვდა.
შეხვედრის მიზანი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესებსა და საქართველოს სამშვიდობო და ჩართულობის პოლიტიკაზე ინფორმაციის მიწოდება იყო. სახელმწიფო მინისტრმა სტუმარს ის ნაბიჯები გააცნო, რომელთაც საქართველო სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში დგამს. ასევე განხილულ იქნა ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობა.
ქეთევან ციხელაშვილმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე, იმ გამოწვევებსა და პრობლემებზე ისაუბრა, რაც გამყოფი ხაზების მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას ექმნება და დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე.
„მოხარული ვარ, რომ აღნიშნული შეხვედრა შედგა და მინდა გითხრათ, რომ იგი მეტად ნაყოფიერი იყო. ვისაუბრეთ ევროკავშირის როლზე კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების საქმეში. ასევე განვიხილეთ ამ ჩართულობის კიდევ უფრო გაზრდის საჭიროება.
"აღვნიშნეთ, რომ მნიშვნელოვანია ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელება და შემდგომი ნაბიჯების გადადგმა, რათა უზრუნველყოფილ იქნას ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვა და ამასთან, დაკმაყოფილდეს იმ მოსახლეობის საჭიროებები და ინტერესები, რომლებიც მიმდინარე ოკუპაციის შედეგად გამოწვეულ პრობლემებს ყოველდღიურად აწყდებიან“, - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და გაფართოების მნიშვნელობას.