შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში გასული წლის საქმიანობის ანგარიშისა და სამომავლო გეგმების წარდგენას დაესწრო.
ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მიმართა. ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ ანგარიში კი დირექტორმა, ნინო ბოლქვაძემ წარადგინა.
2017 წელს, საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და პარტნიორობით 400-მდე სხვადასხვა ფორმატის ღონისძიება გაიმართა, რომელთაგან 70%-ზე მეტი სწორედ რეგიონებში ჩატარდა. შედეგად, საინფორმაციო ცენტრმა 28 000-მდე ადამიანი მოიცვა, რომლებმაც გაიგეს მეტი ნატოსა და ევროკავშირის, ასევე ქვეყნის ევროპული გზის მნიშვნელობისა და გახსნილი ახალი შესაძლებლობების შესახებ.
„ჩვენი აპარატი ნატოს საინფორმაციო ცენტრთან რამდენიმე მიმართულებით აქტიურად თანამშრომლობს. პირველ რიგში, ეს არის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ინფორმირებულობისა და ცნობადობის გაზრდა ნატოსა და ევროატლანტიკური პროცესებისადმი. ასევე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გამყოფი ხაზების გასწვრივ მცხოვრებ მოსახლეობასთან ურთიერთობა, მათთან ჩართულობა და მათი ინფორმირება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით.
„ამ ფორმატში მრავალი ღონისძიება ჩატარდა. ეს იყო ვიზიტები ამ რეგიონებში, მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდება. ასევე ამ რეგიონებიდან მოსახლეობის, მასწავლებლების ჩამოყვანა და მათთვის ევროპული და ევროატლანტიკური მიმართულებით არსებული ვითარების გაცნობა“,- განაცხადა ლაშა დარსალიამ.
ღონისძიებას ასევე დაესწრნენ სამთავრობო უწყებების, სამოქალაქო სექტორისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.