ქეთევან ციხელაშვილი ევროკომისიის დელეგაციას შეხვდა

28 თებერვალი 2018
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისიის დირექტორატის (DG NEAR) აღმოსავლეთ დეპარტამენტის ხელმძღვანელს ლოურენს მერიდიტს, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელს იანოშ ჰერმანსა და  დელეგაციის  თანამშრომლობის მიმართულების ხელმძღვანელს ვინსენტ რეის შეხვდა.

სახელმწიფო მინისტრმა სტუმრებს არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია. გააცნო სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები ცხედრის დაუყოვნებლივ გადმოსაცემად და დაკავებული ორი  მოქალაქის გასათავისუფლებლად. ხაზი გაუსვა ამ პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობის რეაგირებისა და ჩართულობის, ასევე საოკუპაციო რეჟიმზე ზეწოლის განხორციელების მნიშვნელობას.

შეხვედრაზე განიხილეს ევროკავშირის ჩართულობა და როლი საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში, ევროკავშირის  მიერ მხარდაჭერილი პროექტები, ამ კუთხით მოქმედი ფინანსური ინსტრუმენტები და ასევე, სამომავლო გეგმები. ევროკავშირის წარმომადგენლებმა მხარდაჭერა გამოხატეს საქართველოს შერიგებისა და ჩართულობის  პოლიტიკისადმი. მხარეებმა ისაუბრეს აღნიშნული პოლიტიკის ფარგლებში განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი ნაბიჯების შესახებ. შეხვედრაზე განხილულ იქნა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და ევროკავშირს შორის არსებული თანამშრომლობა, ხაზი გაესვა კოორდინირებული მუშაობის  მნიშვნელობას.

სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ არსებულ ვითარებაში აუცილებელია გაორმაგდეს ძალისხმევა კონფლიქტით დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენისა და ადამიანთა შორის კონტაქტების ხელშეწყობისთვის, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებსა და გამყოფ ხაზთან მცხოვრები ადამიანების დასახმარებლად.