ქეთევან ციხელაშვილი „მშვიდობის მშენებელ ქალთა გლობალური ქსელის“ ხელმძღვანელს შეხვდა

3 მარტი 2018
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი „მშვიდობის მშენებელ ქალთა გლობალური ქსელის“ ხელმძღვანელს მავიკ გაბრერა ბალეზასა და ასოციაცია „თანხმობას“ ხელმძღვანელს, იულია ხარაშვილს შეხვდა.

შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა სტუმრებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაცია გააცნო. საუბარი ასევე შეეხო  საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკასა და ამ პოლიტიკის ფარგლებში  დაგეგმილ და განხორციელებულ ღონისძიებებს.

„ჩვენ შევთანხმდით, რომ ხალხთა შორის დიალოგის შენარჩუნება  საჭიროა. მოხარულები ვართ, რომ შევხვდით სახელმწიფო მინისტრს და ამ საკითხის ირგვლივ მისი ღრმა ცოდნისა და ვალდებულებების შესახებ მოვისმინეთ. ასევე გავეცანით მის შეფასებას სამოქალაქო საზოგადოების როლზე მშვიდობის შენარჩუნებასა და წინსვლაში. ამ ქვეყანაში ხალხი მიმართულია განვითარებისა და კეთილდღეობისაკენ“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ მავიკ გაბრერა ბალეზამ.

ქეთევან ციხელაშვილმა ყურადღება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ამის წინააღმდეგ ბრძოლაში ქალებს განსაკუთრებული როლი ენიჭებათ.

 „ხაზი გავუსვი, რომ გაცილებით მეტია გასაკეთებელი, რათა ქალებს საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს შესაძლებლობა ჰქონდეთ განახორციელონ ერთობლივი პროექტები. თუნდაც პოლიტიკურ თემებთან შეხების გარეშე ითანამშრომლონ ისეთი ჰუმანიტარული ხასიათის საკითხებზე, რაც ეხება ქალების, ბავშვებისა და ზოგადად ადამიანის უფლებების დაცვას. ეს მიმართულებები გასაძლიერებელია,“ - დასძინა სახელმწიფო მინისტრმა.