„ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებს ვაძლევთ საშუალებას განივითარონ უნარები, გამოავლინონ საკუთარი ცოდნა და რაც მთავარია, გადადგან პირველი ნაბიჯი დასაქმებისაკენ, იყვნენ ჩართულნი ქვეყნის ცხოვრების სხვადასხვა სფეროში და წარმატებულნი თავიანთ პროფესიულ კარიერაში“ - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო, "1+4 პროგრამის" მოსარგებლე პირებისათვის სტაჟირების განახლებული პროგრამის წარდგენისას განაცხადა.
ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის განკუთვნილ პროექტს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი საქართველოს გაეროს ასოციაციასთან და საჯარო სამსახურის ეროვნულ ბიუროსთან ერთად ახორციელებს. მისი მიზანია ახალგაზრდების დასაქმების წახალისება, მათი ჩართულობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა.
პროექტი გასულ წელს, სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის ინიციატივით, საპილოტე რეჟიმში განხორციელდა. „1+4 პროგრამით“ მოსარგებლე ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცათ სახელმწიფო უწყებებში, როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე, სტაჟირება მათთვის საინტერესო მიმართულებით გაევლოთ.
„1+4 საგანმანათლებო პროგრამა“ ითვალისწინებს აფხაზურ, ოსურ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარებასა და უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას. ახალგაზრდები ერთი წლის განმავლობაში გადიან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო კურსს, რის შემდგომაც სწავლას მათთვის სასურველ ფაკულტეტზე აგრძელებენ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სტაჟირების საპილოტე პროგრამის მონაწილეები და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდები სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან.
პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა, საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა ეკატერინე ქარდავამ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს სოციალური განვითარების მიმართულების ხელმძღვანელმა თამარ სირბილაძემ და საქართველოს გაეროს ასოციაციის PITA-ს პროგრამის ხელმძღვანელმა ლაშა ჯუღელმა.
“სახელმწიფომ განახორციელა სპეციალური პროგრამა ეთნიკური უმცირესობების წარომადგენელი ახალგაზრდებისათვის, რომელთაც საშუალება ექნებათ სტაჟირება გაიარონ სხვადასხვა სახელმწიფო საჯარო უწყებაში როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე, ასევე მათ ქვეუწყებებში.
„ეს პროგრამა დამტკიცებული გახლავთ მთავრობის მიერ 2017 წლის დეკემბერში. საპილოტე პროექტი, პარტნიორებთან და დონორებთან ერთად, შარშან უკვე განვახორციელეთ. იგი წარმატებული აღმოჩნდა და მის ფარგლებში 65-მა ახალგაზრდამ - „1+4 პროგრამის“ კურსდამთავრებულებმა და ასევე, დამამთავრებელი კურსების სტუდენტებმა სტაჟირება ოც სხვადასხვა საჯარო უწყებაში გაიარეს.
„ამ წარმატებული გამოცდილების გათვალისწინებით სახელმწიფომ მოახდინა პროგრამის ინსტიტუციონალიზაცია და დღეს ჩვენ უკვე ვაცხადებთ კონკურსს ყველა დაინტერესებული პირისათვის, რომელიც „1+4 პროგრამაშია“ ჩართული. მათ ექნებათ გაცილებით უფრო ფართო შესაძლებლობა იმისა, რომ კიდევ უფრო მეტ საჯარო უწყებაში, ბევრად მეტ ვაკანსიაზე გაიარონ სტაჟირება.“ - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.
დღეიდან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ კონკურსის საფუძველზე სტაჟირების პროცესში ჩაერთონ. დაინტერესებულმა პირებმა განაცხადის ფორმა, 31 მარტამდე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ვებ-გვერდზე უნდა შეავსონ.
სპეციალურად შექმნილი კომისია უზრუნველყოფს სტაჟიორების შერჩევას შეფასების დადგენილი კრიტერიუმებით. წარმატებული აპლიკანტები 1-დან 6 თვემდე სტაჟირებას გაივლიან სახელმწიფო უწყებებში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში. მიღება წელიწადში ორჯერ გამოცხადდება.