შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა საქართველოს აზერბაიჯანელ მოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მარნეულიდან მიულოცა.
„გილოცავთ ნოვრუზ ბაირამს ჩვენო თანამოქალაქეებო. ნოვრუზ ბაირამინიზ მუბარექ! დღეს, ჩემს კოლეგებთან ერთად, აქ იმისთვის ვარ, რომ ეს დღესასწაული მოგილოცოთ. მინდა თითოეულ თქვენგანს, თქვენს ოჯახებს ვუსურვო წარმატება, ხვავი და ბარაქა. ნოვრუზ ბაირამი ოჯახური დღესასწაულია და საქართველო, როგორც ერთიანი ოჯახი, თითოეული ჩვენი მოქალაქე, განურჩევლად ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა, ამ დღესასწაულის თანაზიარია.
„ჩვენ ბევრი რამ გვაერთიანებს, ერთი ქვეყნის შვილები ვართ. პირველ რიგში გვაერთიანებს სურვილი - გვქონდეს მშვიდობა, ქვეყანაში გვქონდეს კეთილდღეობა, რადგან ეს თითოეული ოჯახის კეთილდღეობას ნიშნავს. იმედი მაქვს მალე დასრულდება ის ძალიან მძიმე მდგომარეობა, როდესაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ნაწილზე, სადაც კონტროლი არ გვაქვს, ოჯახების, ადამიანების უფლებები უხეშად ირღვევა. არ არის დაცული მათი სიცოცხლე და უსაფრთხოება.
„მოგეხსენებათ, ახლა მძიმე წუთები გვიდგას - სწორედ გუშინ გადმოასვენეს ცხინვალიდან არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი. ვიცი, რომ ყველას კარგად აქვს გაცნობიერებული ეს ტრაგიკული ფაქტი. არ მინდა დაგამძიმოთ, მაგრამ მინდა დაგპირდეთ და გითხრათ, რომ ჩვენი სახელმწიფო, თქვენთან ერთად, მთელ საზოგადოებასთან ერთად გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ ამ ქეყანაში თითოეული მოქალაქე, მავთულხლართების იქით თუ აქეთ მცხოვრები, იყოს ამაყი, დაცული, თანასწორი, ჰქონდეს შესაძლებლობა იცხოვროს თავისუფლად, მშვიდად, ღირსეულად, განვითარდეს და გამოავლინოს საკუთარი ნიჭი და შესაძლებლობები. მართლა მგონია, რომ ჩვენი ყველაზე დიდი სიმდიდრე ჩვენი მრავალფეროვნება და მრავალკულტურულობაა, რაც საუკუნეებიდან მოგვდგამს და რასაც მომავალშიც უნდა გავუფრთხილდეთ, რადგან მრავალფეროვნებასთან, ერთად ჩვენი ერთობა ჩვენი ძალაა, " - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
სახელმწიფო მინისტრთან ერთად საქართველოს აზერბაიჯანელ მოქალაქეებს დღესასწაული მიულოცა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ, მარნეულის მერმა თემურ აბაზოვმა და ა.შ.
21 მარტს აზერბაიჯანული ეროვნული დღესასწაული ნოვრუზ ბაირამი აღინიშნება. იგი ახალი წლის, გაზაფხულის დადგომისა და დღისა და ღამის გათანაბრების მომასწავებელია.
საქართველოში ნოვრუზ ბაირამი 2010 წლიდან საერთო სახალხო დღესასწაულადაა გამოცხადებული. 2009 წლის 28 სექტემბრის იუნესკოს სამიტზე ნოვრუზი ოფიციალურად იქნა შეტანილი კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში, ხოლო 2010 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ნოვრუზი საერთაშორისო დღედ აღიარა. ჩვენს ქვეყანაში ნოვრუზ ბაირამის აღნიშვნის ხანგრძლიც ტრადიციას „ვეფხისტყაოსანიც“ ადასტურებს.