ქეთევან ციხელაშვილი: “ძალიან სამწუხაროა, რომ ვერაფერი შეცვლის იმ მძიმე შედეგს, რაც ამ ტრაგედიის შედეგად დადგა“
22 მარტი 2018
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა აპარატის თანამშრომლებთან ერთად, წილკანში, არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა.
„მინდა ჩემი და ჩემი აპარატის სახელით კიდევ ერთხელ გამოვხატო სამძიმარი ოჯახის მიმართ, რომელიც მძიმე განსაცდელშია. ძალიან სამწუხაროა, რომ ვერაფერი შეცვლის იმ მძიმე შედეგს, რაც ამ ტრაგედიის შედეგად დადგა. არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფას ვგულისხმობ.
„ცხედრის ექსპერტიზა ძალიან ინტენსიურ რეჟიმში ჩატარდა და ბუნებრივია უშუალოდ ექსპერტიზა გრძელდება იმისათვის, რომ კვალიფიციური შედეგები დაიდოს. პირველადი დაკვირვების შედეგები ცნობილია - ექსპერტების განცხადებით ცხედარზე ნამდვილად არის დაზიანებები. დასადგენია ამ დაზიანებების წარმოშობა, ხარისხი და რაც მთავარია, მისი გარდაცვალების გარემოებებთან კავშირი.
„ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა გახლავთ სწორედ ის, რომ ჩატარდეს სათანადო გამოძიება, რათა გარემოებებს ნათელი მოეფინოს, გამოვლინდნენ შესაძლო პასუხისმგებელი პირები და დადგეს მათი პასუხისმგებლობის საკითხი,“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
არჩილ ტატუნაშვილს 24 მარტს სოფელ ქანდაში სამხედრო წესით დაკრძალავენ.