გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა გაიმართა

22 მარტი 2018
გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მორიგი, რიგით 54-ე შეხვედრა გაიმართა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო 2016 წლის 19 მაისს,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩაში, საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხს. ქართულმა მხარემ მოითხოვა  დამნაშავის - რაშიდ კანჯი ოღლის დაკავება და პასუხისგებაში მიცემა.

საუბარი შეეხო ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების საკითხს. ქართულმა მხარემ მკაფიოდ დააფიქსირა, რომ აუცილებელია აღნიშნული პირების უმოკლეს ვადებში გათავისუფლება.

განხილულ თემებს შორის იყო   ბოლო  შეხვედრიდან დღემდე დაფიქსირებული ინციდენტები. წამოიჭრა საკითხი  სამხედრო და საპოლიციო წვრთნებისა და სხვა სამხედრო ქმედებების შესახებ ინფორმაციის წინასწარ მოწოდების თაობაზე.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა 2018 წლის 25 აპრილს გაიმართება.

2009 წლის თებერვალში, ჟენევის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდზე მიღწეულ იქნა შეთანხმება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შექმნის შესახებ როგროც აფხაზეთის, ისე სამხრეთ ოსეთის მიმართულებით.

აღნიშნული ფორმატის მთავარი მიზანს ადგილზე ყოველდღიური ინციდენტების განხილვა და ოპერატიული რეაგირების უზრუნველყოფა  წარმოადგენს.

IPRM-ს შეხვედრებს თანათავმჯდომარეობენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი საქართველოში და გაეროს/ეუთოს წარმომადგენლები. შეხვედრაზე ქართულ მხარეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი წარმოადგენენ.