ქეთევან ციხელაშვილი: „აუცილებელია საერთაშორისო ძალისხმევის გაგრძელება და გაძლიერება იმისათვის, რომ ადამიანები მეტად დაცულნი იყვნენ“

23 მარტი 2018
„ჩვენი საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ტატუნაშვილის ტრაგედია იყო.  ხაზი გავუსვით, რომ სამწუხაროდ, ეს არის უმძიმესი ფორმით გამოვლინება იმ რთული ვითარებისა, რომელიც 2008 წლიდან არის შექმნილი, არის მთავარი გამოწვევა ქვეყნისა და რეგიონული უსაფრთხოებისათვის და რაც ადამიანის უფლებების რეგულარულ დარღვევაში გამოიხატება“ - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ევროპის საბჭოს დემოკრატიაზე მომხსენებელთა ჯგუფის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები უკავშირდება უკანონო დაკავებებს, გადაადგილების თავისუფლების, ადგილზე სხვადასხვა უფლების, მათ შორის ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის უფლებების შეზღუდვას.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციას, იმ გამოწვევებსა და სირთულეებს, რაც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ასევე გამყოფი ხაზების გასწვრივ მცხოვრებ მოსახლეობას, უსაფრთხოებისა და  ჰუმანიტარული თვალსაზრისით, ყოველდღიურად ექმნებათ.

„ვისაუბრეთ იმაზე, რომ აუცილებელია საერთაშორისო ძალისხმევის გაგრძელება და გაძლიერება იმისათვის, რომ ადამიანები იყვნენ მეტად დაცულნი, მათი სიცოცხლე და უსაფრთხოება იყოს მეტად დაცული. თქვენ იცით, რომ ევროსაბჭოს გენერალური მდივანი პერიოდულად მოხსენებებს ამზადებს ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში არსებული მდგომარეობის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ მათ დღემდე შეზღუდული აქვთ წვდომა, ეს საკითხი დღის წესრიგში დგას და საერთაშორისო საზოგადოებისთვის არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა.

„ჩვენ გვაქვს მხარდაჭერა ევროსაბჭოს მხრიდან ასევე ნდობის მშენებლობის პროექტების განხორციელების მომართულებით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლაც და მომავალშიც, რამდენადაც საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა მიმართულია ერთის მხრივ იმისაკენ, რომ ეს მძიმე ვითარება შეკავდეს და ადამიანის უფლებების დარღვევების პრევენცია მოხდეს და მეორეს მხრივ, ვიზრუნოთ ამ ადამიანებზე, ხელი შევუწყოთ  მათ კონტაქტს გამყოფი ხაზების ირგვლივ, რაც ასევე მათ ინტერესს წარმოდგენს  და დავეხმაროთ ნდობის მშენებლობის მიმართულებით. ამაში გვაქვს და გვჭირდება განგრძობითი  საერთაშორისო მხარდაჭერა“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა. 

საუბარი ასევე შეეხო  იმ დესტრუქციულ პოლიტიკას , რომელსაც რუსეთი საქართველოსა და ზოგადად, რეგიონში ატარებს. აღინიშნა, რომ მდგრადი მშვიდობისა და სტაბილურობისათვის სწორედ კონფლიქტების მშვიდობიანი გადაჭრის მიმართულებით ნაბიჯების გადადგმაა საჭირო.